ანტონიო კონტე, ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

„ნაპოლის შეუძლია კონტესთან ერთად სუპერ-ძლიერი გახდეს“ - ლუჩანო სპალეტი

„ნაპოლის“ ყოფილი და ამჟამად, იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ ადგილობრივ მედიასთან ანტონიო კონტეს გაწვრთნილ „ნაპოლიზე“ ისაუბრა.

65 წლის სპეციალისტი გუშინ „ნაპოლისა“ და „მონცას“ მატჩს დაესწრო, რომლის დასრულების შემდეგაც მედიის წარმომადგენლებთან ანტონიო კონტეს გუნდი შეაფასა და ვარაუდი გამოთქვა, რომ „პარტენოპეი“ სკუდეტოს მოსაპოვებლად იბრძოლებს.

რა თქვა სპალეტიმ:

„ძალიან მიხარია, რომ ამ მატჩს დავესწარი. ვნახე სტადიონი, რომელიც მხარს უჭერდა გუნდს და ამ ჯგუფის ახალ ძალას გრძნობს. ვფიქრობ, საკმაოდ ძლიერი ჯგუფია - 7-8 ფეხბურთელი ჩემთან თამაშობდა და ვიცი რაც შეუძლიათ. მათ გულშემატკივრებისთვის ემოციების გაცოცხლება შეუძლიათ“.

„როდესაც სტადიონზე მოვდიოდი, გზაში ათობით ადამიანი მომესალმა, ხალხმა მიცნო. ბევრი ბიჭი გარშემო მოტოციკლით მომყვებოდა. ყველას გაუხარდა ჩემი დანახვა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხალხს ასე ვუყვარვარ“.

„შეუძლებელია, დაივიწყო ის ყველაფერი, რაც ნეაპოლში გამოვიარე. აქ სამი საოცარი წელი გავატარე და გუნდი სკუდეტოთი დავტოვე. ჩემი წასვლის შემდეგ პრობლემები იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი დალაგდა, ეს კი ანტონიოს დამსახურებაა. შეუძლებელია, ძლიერი იყო მხოლოდ 11 ხარისხიანი ფეხბურთელით, მთავარი გუნდურობაა და კონტემ სწორედ ეს შემოიტანა. „ნაპოლის“ შეუძლია, რომ მასთან ერთად სუპერ-ძლიერი გუნდი გახდეს“.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის“ 2021-2023 წლებში წვრთნიდა და გუნდმა მისი ხელმძღვანელობით 2022/23 წლების სეზონში ნანატრი მესამე სკუდეტო მოიგო.

რაც შეეხება „ნაპოლის“ ამჟამინდელ მდგომარეობას, ანტონიო კონტეს გუნდი 6 ტურის შემდეგ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 13 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
450-წუთიანი მშრალი სერია - კონტე სკუდეტოს უმიზნებს
450-წუთიანი მშრალი სერია - კონტე სკუდეტოს უმიზნებს