იონსენის დუბლით - ტორპედომ ლიდერობა შეინარჩუნა
Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის XXVII ტურში „ტორპედომ“ სტუმრად ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერი “თელავი“ 2:1 დაამარცხა და გათამაშების სატურნირო ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნა. სტივ კინის მომზადებულმა ქუთაისელებმა მიმდინარე პირველობაზე სტუმრად წაუგებელი მატჩების სერია თერთმეტამდე გაზარდეს, მთლიანობაში კი როგორც შინ, ასევე გარეთ, ზედიზედ მეხუთე ტურში გაიმარჯვეს.
„კავკასიონი არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში მე-12 წუთზე გაიხსნა - სიმაო ჟუნიორის ხელით თამაშისთვის დანიშნული 11-მეტრიანი სტუმართა და მთლიანად ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ბიორნ იონსენმა გამოიყენა. მეორე ტაიმის დასაწყისში პენალტის ნიშნულისკენ არბიტრმა უკვე მასპინძლების სასარგებლოდ მიუთითა, რომელიც ზუსტად თორნიკე მორჩილაძემ შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. 3 ქულის მომტანი გოლი კი ისევ იონსენმა გაიტანა, რომელმაც ლაშა შერგელაშვილის გადაცემა კარგად მიიღო, დაამუშავა და უძლიერესი დარტყმით კახელების მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
მომდევნო, XXVIII ტურში „ტორპედო“ იმერეთის დერბიში სტუმრად „სამტრედიას“ დაუპირისპირება. „თელავი“ კი, რომელსაც 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, ისევ საკუთარ სტადიონზე ითამაშებს და ამჯერად კახელების მეტოქე „იბერია“ იქნება.