კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, იბერია 1999, სამგურალი, შეიკნე სილა, გიზი მამაგეიშვილი, ირაკლი სიხარულიძე, ლუკა ხორხელი, ლუკა ახვლედიანი
Aa
Aa

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა | იბერიამ 7-გოლიან თრილერში მოიგო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტური უხვგოლიანი მატჩით დაიწყო. გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი, „იბერია 1999“ სტუმრად მე-5 ადგილოსან წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდა და 7-გოლიან მატჩში 4:3 გაიმარჯვა.

საგულისხმოა, რომ თბილისელი ფეხბურთელები თავდაპირველად ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, თუმცა, წყალტუბოელებმა თამაშის შემოტრიალება და დაწინაურება მოახერხეს. ჩამორჩენის მიუხედავად, „იბერიას“ ფეხბურთელებმა გამარჯვება მაინც შეძლეს.

ანგარიში მე-9 წუთზე გიზი მამაგეიშვილმა გახსნა, მე-17 წუთზე კი შეიკნე სილამ სხვაობა ორბურთამდე გაზარდა. 24-ე წუთზე ლუკა ხორხელმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და პირველი ნახევარი „იბერიას“ გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

მეორე ტაიმში, 53-ე წუთზე ლუკა ხორხელმა თბილისელთა კარში დუბლი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა, ზუსტად 6 წუთში კი ილია ახვლედიანმა „სამგურალი“ წინ გაიყვანა.

„იბერია 1999“-ის გამარჯვებაში ლომის წილი ირაკლი სიხარულიძემ დაიდო. 34 წლის ფორვარდი მოედანზე 67-ე წუთზე შემოვიდა და მე-80 წუთზე ჯერ წონასწორობა აღადგინა, შემდეგ კი შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე „სამგურალის“ კარში დუბლი შეასრულა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

27 ტურის შემდეგ, „იბერია 1999“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 52 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება და ლიდერ „ტორპედოს“ 2 ქულით ჩამორჩება, მესამეადგილოსან „დილას“ კი 1 ქულით უსწრებს. გორელებს და ქუთაისელებს 27-ე ტურში თავისი შეხვედრები ჯერ არ გაუმართავთ, შესაბამისად, დიდი შანსია, რომ კონკურენტებს შორის ქულათა სხვაობა შეიცვალოს.

მსგავსი სიახლეები