„როცა ერთ მუშტად იკვრები, შედეგთან ყოველთვის უფრო ახლოს ხარ“ | ქოჩორა
გიორგი ქოჩორაშვილის ეფექტური გოლით და საგოლე პასით, „ლევანტემ“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და პრიმერადივიზიონის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს.
მე-7 ტურის შეხვედრაში ვალენსიელებმა საკუთარ სტადიონზე „ალმერია“ 4:2 დაამარცხეს და სანტანდერის „რასინგს“, რომელიც ამ ტურამდე სატურნირო ცხრილს სათავეში ედგა და თავის მატჩს ხვალ, საკუთარ სტადიონზე „კარტახენასთან“ ჩაატარებს, ქულებით გაუთანაბრდნენ.
ქოჩორამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და მატჩი შეაფასა.
„უმნიშვნელოვანესი გამარჯვება გუნდისთვის! რთული მატჩი იყო ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი ძალა, ხასიათი და გავეცით მაქსიმუმი, რათა 3 ქულა ჩვენ დაგვრჩენოდა. მოთამაშეებმა ყველაფერი გავიღეთ მოედანზე და საბოლოოდ, ერთობლივმა ძალისხმევამ გამარჯვება მოგვიტანა. ფეხბურთი გუნდური სპორტია და როცა ერთ მუშტად იკვრები, შედეგთან ყოველთვის უფრო ახლოს ხარ. ეს მხოლოდ დასაწყისია იმისა, რასაც ერთად მივაღწევთ“, - წერს ქართველი ფეხბურთელი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილის ანგარიშზე მიმდინარე ლა ლიგა 2-ის გათამაშებაში 2 გოლთან ერთად, 2 საგოლე პასიცაა. ესპანურ პრესაში კი სისტემატურად ვრცელდება ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ მისი დამატებით ლა ლიგის კლუბები არიან დაინტერესებული, რომელთა შორისაც ყველაზე მეტად „მალიორკა“ აქტიურობს.