„კონტრაქტს უგრძელებენ, უბრალოდ...“ | იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე
ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივება ამ დრომდე აქტუალურ საკითხად რჩება.
„ნაპოლის“ სურს, კვარაცხელიასთან კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივოს. ფეხბურთელის აგენტი, მამუკა ჯუღელი ხელფასის სახით, 8 მილიონ ევროს ითხოვს. რაც შეეხება „პარტენოპეის“ შეთავაზებას, კლუბი ქართველს ფიქსირებული ხელფასისა და ბონუსების სახით დაახლოებით 6 მილიონ ევროს სთავაზობს.
ამ საკითხზე ამჯერად იტალიელმა ჟურნალისტმა, გუიდო ტრომბეტიმ ისაუბრა. მისი თქმით, „ნაპოლის“ ბოლო მატჩს, კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისიც ესწრებოდა და ბედნიერი ჩანდა.
მან ასევე კვარაზეც ილაპარაკა.
„კონტრაქტს უგრძელებენ, უბრალოდ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასხდნენ. არ ვიცი, წავა თუ არა დე ლაურენტისი უახლოეს პერიოდში ნიუ-იორკში, მაგრამ იმის გათვალისწინებით, როგორ მშვიდად გამოიყურება ფეხბურთელი, არ ვფიქრობ, რომ რამე პრობლემა შეიძლება შეიქმნას“, - აღნიშნა ტრომბეტიმ.
მიმდინარე სეზონში, კვარამ „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში მე-6 შეხვედრა ჩაატარა და თავი 3 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მისმა გუნდმა ზედიზედ მე-5 შეხვედრა მოიგო და სატურნირო ცხრილში 13 ქულით პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ნეაპოლელებს მომდევნო შეხვედრა 4 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „კომოს“ წინააღმდეგ ელით.