„თუ ვერ შეთანხმდებიან, შესაძლოა, 2025 წელს ტრანსფერზეც დააყენონ“ | Sky-ს ჟურნალისტი კვარაზე
იტალიურ მედიაში „ნაპოლისთან“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. გავლენიანი გამოცემა, Sky Sports-ის ჟურნალისტის, ფრანჩესკო მოდუნოს ინფორმაციით, მხარეები შეთანხმებას ამ დრომდე ვერ აღწევენ. მოდუნო ნეაპოლურ რადიო Marte-ში სტუმრად იმყოფებოდა, სადაც ხელშეკრულების განახლებასთან დაკავშირებულ გარემოებებზე ისაუბრა.
რას ამბობს მოდუნო:
„განახლების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მიღწეული, მაგრამ დიალოგი გრძელდება. პოზიციები როგორც ფეხბურთელისთვის, ისე კლუბისთვის ნათელია. კიდევ არ არის გარკვეული განაახლებს თუ არა კვარა ხელშეკრულებას, ამას კი ის პოტენციური შეთავაზებებიც ემატება, რომელიც შესაძლოა სხვა ევროპული კლუბებისგან შემოვიდეს“.
„ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, პსჟ-მა კვარაცხელიას 11 მილიონი შესთავაზა და მსგავსი შეთავაზება შესაძლოა, მომავალ წელსაც განმეორდეს. დიდი ალბათობით, „ნაპოლი“ ამ ციფრებს ვერ შესთავაზებს და დიდი შანსია, რომ კლუბმა ქართველი 2025 წელს ტრანსფერზე დააყენოს. ასე რომ, თუ „ნაპოლის“ კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლება უნდა, ეს აუცილებლად წლის ბოლომდე უნდა მოახერხოს“.
„არ ვამბობ, რომ მხარეებს შორის უთანხმოებაა, პირიქით, მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს. ორივე მხარე საკმაოდ კარგად არის გარკვეული არსებულ სიტუაციაში და საკუთარი ინტერესებით მუშაობენ. მომავალი იმ შესაძლებლობებზე იქნება დამოკიდებული, რომლებიც უახლოეს პერიოდში წარმოიქმნება“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით 6 შეხვედრა ჩაატარა, თავი კი 3 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. „ნაპოლი“ ბოლოს „მონცას“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა, მეორე გოლი კი ქართველი შემტევის ანგარიშზეა. 6 ტურის შემდეგ, ნეაპოლური გუნდი სატურნირო ცხრილში 13 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 4 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „კომოს“ წინააღმდეგ გამართავს.