ლა ლიგაც დასჯის და ატლეტიკოც - ვანდას ერთ-ერთი ტრიბუნა დაიხურება
„ატლეტიკო“ – „რეალის“ (1:1) მადრიდული დერბი როგორც მოსალოდნელი იყო დაძაბული, სანახაობრივი და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა. შეხვედრის 68-ე წუთზე კი, მოხდა ისეთი ფაქტი, რის გამოც თამაში დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. საქმე იმაში გახლავთ, რომ იმ კარსუკანა ტრიბუნიდან, სადაც „ექსროხიბლანკოელი“ ტიბო კურტუა იდგა, სხვადასხვა სახის საგნებს ისროდნენ, რაზეც ბელგიელმა გოლკიპერმა შეხვედრის არბიტრს მატეო ბუსკეტს ფერერს მიუთითა, რომელმაც საფინალო სასტვენის შემდეგ მომხდარის შესახებ ოქმში ყველაფერი დეტალურად აღწერა.
საინტერესოა, რომ როხიბლანკოს ინჩასების დასჯას როგორც ლა ლიგა, ასევე კლუბის ხელმძღვანელობაც აპირებს, რომელმაც დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მომხდარის აღმოსაფხვრელად, „ატლეტიკოს“ დაცვის თანამშრომლები აქტიურად მუშაობდნენ და გუნდი გმობს ფანების მსგავს საქციელს. „მეზღვაურები“ ასევე ხაზს უსვამენ კაპიტნის კოკესა და მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს საქციელს, რომლებიც აგრესიული ქომაგების დაწყნარებას მაქსიმალურად ცდილობდნენ.
ვარაუდობენ, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი „ვანდა მეტროპოლიტანოს“ ჩრდილოეთ ტრიბუნას 2-3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯის და მსგავსი სახის განაჩენი კლუბს ადრეც გამოუტანეს, როდესაც როხიბლანკო თავისი გულშემატკივრების მიერ „ბილბაოსა“ და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელის, ნიკო უილიამსის მისამართით გამოთქმული რასისტული შეძახილებისთვის დასაჯეს.