450-წუთიანი მშრალი სერია - კონტე სკუდეტოს უმიზნებს
„ნაპოლიმ“ მორიგი 3 ქულა მოიპოვა და ექვსი ტურის შემდეგ იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა, რასაც იტალიური მედია პირველ რიგში ანტონიო კონტეს დამსახურებად მიიჩნევს, რომლის ხელიც გუნდს უკვე აშკარად ეტყობა. მისი ხელმძღვანელობით გამართული ექვსი მატჩიდან ოთხში პარტენოპეიმ გოლი არ გაუშვა და საერთოდაც, უკვე 450 წუთია ნეაპოლური კლუბის კარის აღებას ვერავინ ახერხებს. როგორც გალიდერებით, ასევე ამ სასიამოვნო სტატისტიკური ფაქტით, „ნაპოლის“ თავკაცი მატჩის შემდგომ პრეს კონფერენციაზე კმაყოფილებას ვერ მალავდა.
ანტონიო კონტე
აურელიო დე ლაურენტისი მეუბნებოდა, რომ გუნდს რეკონსტრუქცია სჭირდებოდა და არ ვიცი რა გამომივიდა, მაგრამ ფაქტია, რომ შევქმენი ფეხბურთელების ჯგუფი, რომლებიც მეათე ადგილზე აღარ გავლენ და ლიდერ „ინტერს“ 40 ქულით არ ჩამორჩებიან.
რომელუ ლუკაკუმ გოლი ამჯერად ვერ გაიტანა, მაგრამ დიდი სამუშაო გასწია და გუნდს ის სარგებელი მოუტანა, რასაც მისგან ველოდებით. ბელგიელი ფორვარდი საკმაოდ გვიან შემოგვიერთდა და წინასასეზონო მზადება ჩვენთან ერთად გაუვლია, რის გამოც სანაკრებო პაუზებს პირველ რიგში მისთვის ვიყენებ.
ველოდი თუ არა რომ სატურნირო ცხრილს სათავეში თავიდანვე ჩავუდგებოდით? ჯერ სიხარული ადრეა, რადგან ჩემპიონთა ლიგის მონაწილე კლუბებიდან მხოლოდ „იუვენტუსსა“ და „ბოლონიას“ შევხვდით, მაგრამ ის მონდომება და შემართება, რომლითაც ჩემი ფეხბურთელები მოედანზე გადიან, სრულიად საფუძვლიანად მაძლევს იმის იმედს, რომ სკუდეტოსთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.
პრეს კონფერენციაზე კონტესთვის ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით შეკითხვა არ დაუსვამთ და შესაბამისად, ქართველი ფეხბურთელის ასპარეზობაზე ცალკე კომენტარი მას არ გაუკეთებია. მომდევნო შეხვედრას იტალიის ჩემპიონატში „ნაპოლი“ პარასკევს, 4 ოქტომბერს, საკუთარ სტადიონზე „კომოსთან“ გამართავს, რომელიც თბილისის დროით 20:30 წუთზე დაიწყება.