„თავიდან გაუჭირდა, შემდეგ კი ჩვეულ ნათებას დაუბრუნდა“ - იტალიური მედიის შეფასება
იტალიის სერია A-ს მე-6 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „მონცას“ დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.
ხვიჩა სასტარტო შემადგენლობაში იყო და თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. 33-ე წუთზე კვარამ მეტოქის კარში მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. ამის გარდა, 26 წუთზე ქართველმა შემტევმა მეტოქესთან უხეშობის გამო ყვითელი ბარათიც მიიღო.
ხვიჩას ყველა ეპიზოდი:
შეხვედრის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა იტალიურმა სააგენტოებმა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში სხვადასხვა ქულით შეაფასეს.
იტალიური მედიის შეფასება:
Eurosport.it – 7 ქულა: სტარტზე ცოტას წვალობდა და ზედმეტი ენთუზიაზმის გამო ყვითელიც მიიღო. მაგრამ შემდეგ, ის სწორ მომენტში სწორ ადგილას აღმოჩნდა და მეტოქის კარი აიღო, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ „ნაპოლისთვის“ მთავარი ნათელი წერტილია.
Sport.Virgilio – 7 ქულა: საუკეთესო სტარტი არ ჰქონია, თუმცა, გოლის შემდეგ თამაშის აწყობა შეძლო.
Calcionapoli 1926 – 7 ქულა: მატჩის დასაწყისი საუკეთესო არ ჰქონდა, „მონცას“ ფეხბურთელების მრავალრიცხოვანი პროვოკაციების გამო ნერვიულობდა. როგორც ჩანს, მეტოქის ფეხბურთელებს ძალიან უყვართ ჩახუტება, მაისურზე მოქაჩვა და უხეშობა, მაგრამ საბოლოოდ, ყვითელი ბარათი ქართველმა მიიღო. თუმცა, ვარსკვლავი მცირედით მაინც ანათებდა და „ნაპოლის“ მეორე გოლის მომენტში, სწორ ადგილას აღმოჩნდა. მისი მკვეთრი ნათება კი სწორედ აქედან დაიწყო. მეორე ტაიმში მაკტომინეის შესანიშნავი მომენტი შეუქმნა, მაგრამ შოტლანდიელი არც ისე გადამწყვეტი აღმოჩნდა.
Calciomercato – 7 ქულა: „მონცას“ წინააღმდეგ თამაში მისთვის ყოველთვის განსაკუთრებულია. მეტოქეს პირველი გოლი ჯერ კიდევ საჩემპიონო წელს გაუტანა და ახლაც, მისი მიზანი კვლავ გოლის გატანა იყო. ის კლასიკური დაზვერვით იწყებდა, შემდეგ კი ნელ-ნელა უმატებდა და საბოლოოდ, გოლამდეც მივიდა.
Calcionapoli24 – 7 ქულა: მონცას წინააღმდეგ ყოველთვის 2022 წელი და მარადონაზე, მისი სადებიუტო გოლი გვახსენდება. ის არის მოთამაშე, რომელიც მიმდინარე სეზონში ღია სივრციდან ყველაზე მეტ დარტყმას ახორციელებს. კონტეს დაცვით მოთხოვნებს თავი ბრწყინვალედ გაართვა, ლუკაკუსთან ერთად კი ცენტრში ყოველთვის სახიფათოა, რაც ორმაგად სასიამოვნოა.
Tuttomercatoweb - დიზელის მსგავსად, საწყის წუთებში ძრავის ამუშავების სიმძლავრე დაბალი იყო. ასევე, მეტოქის მხრიდან უხეშობის გამო, ცოტა ნერვიულობდა კიდეც. მაგრამ 33-ე წუთზე გარდამტეხი მომენტი გახდა, როდესაც ანგარიში 2:0 გახადა, ამის შემდეგ კი ჩვეული ნათება დაიწყო. მოკლედ, ის ჩვეულ კვარას უბრუნდება.
მიმდინარე სეზონში, კვარამ „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში მე-6 შეხვედრა ჩაატარა და თავი 3 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მისმა გუნდმა ზედიზედ მე-5 შეხვედრა მოიგო და სატურნირო ცხრილში 13 ქულით პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ნეაპოლელებს მომდევნო შეხვედრა 4 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „კომოს“ წინააღმდეგ ელით.