ემპოლი, ფიორენტინა, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

გოგლიჩიძის ზედიზედ მე-4 სასტარტო - ემპოლიმ ისევ არ წააგო

იტალიის სერია A-ს მე-6 ტურში, საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ საკუთარ მოედანზე „ფიორენტინას“ დაუპირისპირდა და ფრედ, 0:0 ითამაშა.

გოგლიჩიძე ზედიზედ მეოთხედ „ემპოლის“ სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და ამჯერადაც, შეუცვლელად ითამაშა. სასიხარულოა, რომ საბას სასტარტოში ყოფნის პერიოდში, „ემპოლის“ ერთხელაც არ წაუგია და უფრო მეტიც, ზედიზედ 4 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.

წინა ორი მატჩის მსგავსად, დღევანდელი შეხვედრაც გატანილი გოლის გარეშე დასრულდა. „ემპოლის“ მცველებს დაცვაში შეცდომა ფაქტობრივად არ დაუშვიათ, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ გოგლიჩიძემ და მისმა თანაგუნდელებმა „ფიორენტინას“ ფეხბურთელებს კარის ჩარჩოში ზუსტად ერთხელაც არ დაარტყმევინეს.

რაც შეეხება საბას სტატისტიკას, 20 წლის ქართველი მცველი ბურთს 39-ჯერ შეეხო, 28 პასიდან 19 ზუსტი ჰქონდა, 4 სახიფათო ეპიზოდი განმუხტა, ჰქონდა 1 ვარდნა და 3 ართმევა. 8 პოზიციური დუელიდან 4 მოიგო, 3 საჰაერო დუელიდან კი 1 შემთხვევაში გამოვიდა გამარჯვებული, მეტოქის წინააღმდეგ ორჯერ დაჯარიმდა. საერთო შეფასება - 6.9 ქულა.

6 ტურის შემდეგ, „ემპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 10 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება. გოგლიჩიძის გუნდს 2 მოგება, 4 ფრე და 0 მარცხი აქვს, ბურთების შეფარდება კი 5 გატანილი და 2 გაშვებული გოლია. „ემპოლი“ მომდევნო ტურში სტუმრად „ლაციოს“ დაუპირისპირდება. მატჩი 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები