ყველაზე შედეგიანი გუნდის გმირი - AS-ის შეფასება ქოჩორაშვილზე
შვიდი ტურის შემდეგ ესპანეთის სეგუნდადივიზიონის სატურნირო ცხრილს სათავეში „ლევანტე“ უდგას, რაშიც გიორგი ქოჩორაშვილს უდიდესი დამსახურება მიუძღვის. 25 წლის ქართველი ნახევარმცველის დღეს „ალმერიასთან“ (4:2) მოგებულ შეხვედრაშიც გამორჩეული ფიგურა გახლდათ და ჯერ ეფექტური დარტყმით დააწინაურა ვალენსიელები, ხოლო შემდეგ არაჩვეულებრივი პასით კარლოს ალვარესი გაიყვანა ხელსაყრელ პოზიციაზე და გამარჯვებულის ვინაობა საბოლოოდ გაირკვა. თამაშის დასრულების შემდეგ ავტორიტეტულმა გამოცემა AS-მა „ქოჩორას“ კარგ ასპარეზობას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი.
რას წერენ ქოჩორაშვილზე
გიორგი ქოჩორაშვილი და კრისტიან ალვარესი „ლევანტეს“ ნამდვილი გმირები არიან და ისინი არამხოლოდ ამ კლუბში, არამედ მთლიანად ლა ლიგა 2-ში გამოირჩევიან.
რატომ? იმიტომ, რომ ვალენსიურმა გუნდმა 7 ტურში ყველაზე მეტი 14 გოლი გაიტანა და ქოჩორაშვილის სახით, ნახევარმცველები არამხოლოდ დაკისრებულ მოვალეობას ართმევენ თავს კარგად, არამედ შეტევებშიც ნაყოფიერად ერთვებიან.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილის ანგარიშზე მიმდინარე ლა ლიგა 2-ის გათამაშებაში 2 გოლთან ერთად, 2 საგოლე პასიცაა. ესპანურ პრესაში კი სისტემატურად ვრცელდება ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ მისი დამატებით ლა ლიგის კლუბები არიან დაინტერესებული, რომელთა შორისაც ყველაზე მეტად „მალიორკა“ აქტიურობს.