შესვენებაზე დაძაბული საუბარი შედგა - საჟი მიქაუტაძეს გაუბრაზდა
სტუმრად „ტულუზასთან“ მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების მიუხედავად, „ლიონის“ მთავარი მწვრთნელი პიერ საჟი მატჩის შემდგომ პრეს კონფერენციაზე საკუთარ თავს არ ჰგავდა და წყობიდან იყო გამოსული. გარდა იმისა, რომ ის ფეხბურთელების გაკრიტიკებას მედიის წარმომადგენლებთანაც არ მორიდებია, როგორც დაიწერა, შესვენებაზე თითოეულ მოთამაშესთან მძიმე და დაძაბული საუბარი ჰქონდა, რამაც როგორც შეხვედრის საბოლოო შედეგმა აჩვენა, სათანადო ნაყოფი გამოიღო.
რა თქვა საჟმა მიქაუტაძეზე
მიქაუტაძეს შესვენებაზე ვუთხარი, რომ 200-ჯერ ნათქვამს თუ ვერ გაიგებს, 201-ედ ავუხსნი, რომ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს, მიიღოს იმ პრესინგში მონაწილეობა, რასაც მეტოქეს ვთავაზობთ და დაცვის დასახმარებლად ხშირად ჩამოვიდეს.
როგორც შესვენების შემდეგ დავინახე, მან ამჯერად ჩემი ნათქვამი სწორად გაიგო და გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე პირველ ტაიმში. მე მჯერა ყოველთვის იმისა, რომ თუ ფეხბურთელი კლუბს დაეხმარება, მას თავგანწირვა უკან დაუბრუნდება და გოლებიც მოვა.
გიორგის გარდა, „ოლიმპიკის“ დამრიგებელი უკმაყოფილო იყო ვილფრიდ ზაჰას ასპარეზობით, რომელსაც მისი თქმით გუნდში ადაპტაცია ძალიან უჭირს და ასე თუ განაგრძობს, ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება საგრძნობლად გაუჭირდება.