მეორე საგოლე პასი ლიგა 1-ში - დავითაშვილის სენტ-ეტიენი მარცხს გადაურჩა
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-6 ტურში „ნანტი’’ შინ „სენტ-ეტიენს’’ 2:0-ს ამარცხებდა, თუმცა სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს, სისოკომ დუბლი შეასრულა, პირველი გოლი ზურიკო დავითაშვილის პასით გაიტანა, შემდეგ კი პენალტით წონასწორობა აღადგინა.
საბოლოოდ, შეხვედრა 2:2 დასრულდა. 6 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენის'' ანგარიშზე 4 ქულაა (1 მოგება, 1 ფრე, 4 მარცხი). ამ ეტაპზე სატურნირო ცხრილში ბოლოდან მეორე ადგილზეა, გამოკვეთილ აუტსაიდერ „ანჟერს'' 2 ქულით უსწრებს.
ქართველმა გარემარბმა „სენტ-ეტიენის’’ სასტარტოში ითამაშა, 89-ე წუთზე შეცვალეს, ბურთს 34-ჯერ შეეხო, მისი 22 პასიდან 16 ზუსტი იყო. მინდორზე 8-დან 3 ორთაბრძოლა მოიგო, მეორე სართულზე 1 დუელი ჰქონდა და დათმო. დრიბლინგის 3 მცდელობიდან სამივე წარუმატებელი იყო.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილმა ექვსივე ტურში სასტარტოში ითამაშა. მის აქტივში 2 საგოლე პასია, პირველი საგოლე გადაცემა „ლილისთან’’ სენსაციურად მოგებულ მატჩში შეასრულა (1:0).