ძირითადში 1-თვიანი პაუზის შემდეგ - მიქაუტაძის მორიგი უგოლო მატჩი
ზუსტად ერთთვიანი პაუზის შემდეგ გიორგი მიქაუტაძე „ლიონის“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა - მთავარმა მწვრთნელმა, პიერ საჟმა „ტულუზასთან“ სტუმრად გამართულ შეხვედრაში, რომელიც საბოლოო ჯამში ლიონელებმა 2:1 მოიგეს, წინა ხაზში ქართველი საიდ ბენრაჰმასთან და ვილფრიდ ზაჰასთან ერთად დააყენა.
თავდაპირველად „ოლიმპიკისთვის“ ყველაფერი ცუდად დაიწყო და მასპინძლები იან გბოჰომ სიეროს გადაცემით დააწინაურა, თუმცა ზუსტად თოთხმეტ წუთში ლიონელების აქტიურობამ სათანადო რეზულტატი გამოიღო და ნიკოლაისენის ავტოგოლის შედეგად წონასწორობა აღდგა. რაც შეეხება გიორგის, 23 წლის ქართველ ფორვარდს შესვენებამდე თავის გამოჩენის მხოლოდ ერთი მცდელობა ჰქონდა, მაგრამ მისი თავური დარტყმა უშედეგო აღმოჩნდა.
მეორე ნახევარი ორმხრივ იერიშებში მიმდინარეობდა, თუმცა მიქაუტაძე საკმაოდ ინერტული გახლდათ, რაც საჟს ყურადღების მიღმა არ დარჩენია და 67-ე წუთზე გიორგი ალექსანდრ ლაკაზეტით შეცვალა. 67 წუთის მანძილზე მან ოთხი ორთაბრძოლიდან მხოლოდ ერთი მოიგო, დრიბლინგის მხოლოდ ერთი მცდელობა ჰქონდა და მის მიერ შესრულებული 18 გადაცემიდან ზუსტი 14 აღმოჩნდა. ფაქტია, რომ ქართველ ფორვარდს ახალ კლუბში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა ძალიან უჭირს და იმის 20 პროცენტსაც ვერ აჩვენებს, რის დემონტრირებასაც „მეცში“ ახდენდა, ან საქართველოს ნაკრებში ლამის ყოველი მატჩისას ახდენს. მიქაუტაძისთვის ყველაზე ცუდი ის გახლდათ, რომ სტუმრებს გამარჯვება 95-ე წუთზე მალიკ ფოფანამ მოუტანა, რომელიც მისი უშუალო კონკურენტია და ცვლილებაზე შევიდა.
ხუთშაბათს, 3 ოქტომბერს, რანგით მეორე ევროპული საკლუბო ტურნირის, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ლიონი“ სტუმრად „რეინჯერსთან“ ითამაშებს. საფრანგეთის ლიგა 1-ის მომდევნო შეხვედრას კი 6 ოქტომბერს, საკუთარ სტადიონზე „ნანტის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.