ქოჩორაშვილმა ლევანტეს მოაგებინა - მე-2 გოლი და მე-2 ასისტი სეზონში
გიორგი ქოჩორაშვილის ეფექტური გოლით და საგოლე პასით, „ლევანტემ“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და პრიმერადივიზიონის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს. მე-7 ტურის შეხვედრაში ვალენსიელებმა საკუთარ სტადიონზე „ალმერია“ 4:2 დაამარცხეს და სანტანდერის „რასინგს“, რომელიც ამ ტურამდე სატურნირო ცხრილს სათავეში ედგა და თავის მატჩს ხვალ, საკუთარ სტადიონზე „კარტახენასთან“ ჩაატარებს, ქულებით გაუთანაბრდნენ.
„სიუდად დე ვალენსიაზე“ გამართული შეხვედრა სწრაფი გოლით დაიწყო - კლუბის 37 წლის ლეგენდის, ხოსე ლუის მორალესის კარგი გარღვევისა და პასი შემდეგ მასპინძლები მე-2 წუთზე როხერ ბრუგუემ დააწინაურა, ზუსტად ცამეტ წუთში კი ამ ფეხბურთელებმა როლები გაცვალეს - მორალესმა ამჯერად თავად გაიტანა, ასისტენტად კი ბრუგუე მოევლინა. თითქოს „ლევანტემ“ კომფორტული უპირატესობა შეიქმნა, მაგრამ მასპინძლების ჰანდიკაპს სანტიაგო არიბასმა მოკლე მონაკვეთში ბოლო მოუღო, დუბლი შეასრულა და გუნდები შესვენებაზე თანაბარ ანგარიშზე გავიდნენ. უნდა აღინიშნოს რომ, სამწუხაროდ, არიბასის პირველი გოლის დროს სტუმრებმა შეტევა ქოჩორაშვილის არაზუსტი გადაცემის შემდეგ დაიწყეს.
მეორე ნახევრის სტარტი „ალმერიასთვის“ შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, რაც მთლიანად 25 წლის ქართველი ნახევარმცველის დამსახურებაა - ჩინებულ ფორმაში მყოფი ქოჩორაშვილი ალვარესთან გათამაშებული კედელის შემდეგ საჯარიმოში შეიჭრა და უძლიერესი დარტყმით აიღო ანდალუსიური კლუბის კარი.
თუ პირველ ტაიმში ბრუგუე-მორალესის ტანდემმა გაცვალა როლები, შესვენების შემდეგ ანალოგიური ქოჩორაშვილი-ალვარესის დუეტმა გააკეთა და საბოლოო ანგარიში ამ უკანასკნელმა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის არაჩვეულებრივი გადაცემით დააფიქსირა, რომელმაც ერთი პასით „ალმერიას“ მთელი დაცვა მოჭრა და თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა.
86-ე წუთზე, მთავარმა მწვრთნელმა კალერომ ქოჩორაშვილი შეცვალა და მასპინძლების მე-6 ნომერმა ადგილობრივი პუბლიკისგან დამსახურებული აპლოდისმენტები მიიღო.
როგორც უკვე მოგახსენეთ, „ლევანტე“ გათამაშების სატურნირო ცხრილს „რასინგთან“ ერთად ლიდერობს. მომდევნო შეხვედრას კი ქოჩორაშვილი და მისი თანაგუნდელები 6 ოქტომბერს, ისევ საკუთარ მოედანზე „ოვიედოსთან“ ჩაატარებენ.