ლობჟანიძის გოლით - ატლანტამ ფილადელფიასთან ქულა გადაარჩინა
MLS-ის მორიგ ტურში ატლანტა ფილადელფიას ესტუმრა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
როგორც ყოველთვის, საბა ლობჟანიძე ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, რომელსაც შესანიშნავი მატჩი ჰქონდა და საკუთარ გუნდს ქულა გადაურჩინა.
პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, მასპინძლები გააქტიურდნენ და 61-ე წუთზე ფილადელფია ჰარიელმა დააწინაურა. რა თქმა უნდა, ატლანტა წაგებას არ გეგმავდა და შეტევაში ტემპს მოუმატა.
სტუმრები პოზიციურად საკმაოდ ნაყოფიერად უტევდნენ. ერთ-ერთი ასეთი შეტევა კი საბა ლობჟანიძის გოლით დასრულდა. ქართველმა ფეხბურთელმა თავი 72-ე წუთზე გამოიჩინა.
ამ მატჩის შემდეგ, ატლანტას სატურნირო ცხრილში 34 ქულა დაუგროვდა და პლეი-ოფის ზონასთან 3 ქულა აშორებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ქართველმა ფეხბურთელმა ატლანტას მაისური ყველა ტურნირზე ერთად 29-ჯერ მოირგო, 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.