სერია ა-ს აღმოჩენაა, ილდიზი გაანეიტრალა - იტალიელი ჟურნალისტი გოგლიჩიძეზე
იტალიური Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტი ჯაკომო ჩონიმ Radio Bruno-ს ეთერში, გადაცემა Pentasport-ში საბა გოგლიჩიძის კარგ თამაშზე ისაუბრა. ასევე, აღნიშნა, რომ მან იტალიური ჯერ სათანადო დონეზე არ იცის, თუმცა ეს ხელს არ უშლის და ქენან ილდიზი გაანეიტრალა.
ჯაკომო ჩონი: „ხვალ „ემპოლის’’ დაცვაში საბა გოგლიჩიძის სათამაშო კლასი იქნება, ის 2004 წელსაა დაბადებული და სეზონის დასაწყისში „ემპოლის’’ რიგით მეოთხე მცველი იყო. სერია A-ს სეზონის აღმოჩენაა, მან „იუვენტუსთან’’ ქენან ილდიზი გაანეიტრალა, თუმცა მან ჯერ ერთი სიტყვა იტალიური არ იცის’’.
სავარაუდოდ, ჩონი გულისხმობდა, რომ საბა ჯერ იტალიურად გამართულად ვერ საუბრობს. ქართველმა ფეხბურთელმა „ემპოლიში'' გადასვლის შემდეგ ქართველი მასწავლებელი აიყვანა, რომელიც იტალიაში ამეცადინებს.
20 წლის ქართველმა ცენტრალურმა მცველმა, რომელიც „ემპოლის’’ გასულ ზამთარში შეუერთდა, სერია ა-ში სადებიუტო მატჩი ამ სეზონში, მესამე ტურში „ბოლონიასთან’’ ჩაატარა, შემდეგ „იუვენტუსთან’’ და „კალიარისთანაც’’ სასტარტოში იყო, სამივე მატჩი შეუცვლელად ითამაშა და ამ შეხვედრებში „ემპოლიმ’’ ერთადერთი გოლი „ბოლონიასთან’’ გაუშვა (ეს გოლი საბას ბრალი არ ყოფილა). ქუთაისის „ტორპედოს'' აღზრდილი იტალიის ჩემპიონატთან კარგად ადაპტირდა და მედიისა თუ სპეციალისტების მხრიდან მისი გამოსვლა დადებითად შეფასდა.
„ემპოლიმ'' ხუთ ტურში 9 ქულა დააგროვა, დაუმარცხებელია, 2 მოგება, 3 ფრე. სერია ა-ს მე-6 ტურში „ემპოლი'' „ფიორენტინას'' მიიღებს, შეხვედრა 29 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.