„უნდა გამოვფხიზლდეთ...“ | ბარახა სოსიედადთან მარცხზე
„სოსიედადთან“ წაგებული მატჩის შემდეგ „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მიერ დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა. ბარახას თქმით, ისეთი გუნდი, როგორიც „სოსიედადია“, შეცდომებს არავის პატიობს და სწორედ ასეთ შეცდომებს მოჰყვა ბასკების მეორე და მესამე გოლები.
რუბენ ბარახა:
„როდესაც 0:1 ვაგებდით, ანგარიშის გათანაბრების რამდენიმე შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ ორი უხეში შეცდომა დავუშვით და „სოსიედადმა“ უპირატესობა სამამდე გაზარდა. ფეხბურთში ასე ხდება: როდესაც ასეთი დონის გუნდთან შეცდომას უშვებ, ყოველთვის დაისჯები. ამ ანგარიშმა უნდა გამოგვაფხიზლოს.
თუ დინამიკის შეცვლა გვინდა, განსხვავებული ამბიციით და მენტალიტეტით უნდა ვითამაშოთ. მეც და ფეხბურთელებმაც ნაბიჯი წინ უნდა გადავდგათ და ვითარება შევცვალოთ. მესმის, რომ გულშემატკივრები გაბრაზებულები არიან. მეც გაბრაზებული ვარ, იმიტომ რომ მეც „ვალენსიას“ გულშემატკივარი ვარ. თუ ასეთი შეცდომების დაშვებას არ შევწყვეტთ, მატჩების მოგება რთული იქნება.
გავაანალიზებთ ამ მატჩს და გავაგრძელებთ მუშაობას. წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველის, მაგრამ ფეხბურთელებმა უნდა გაიაზრონ, რომ ასეთი ტიპის მატჩებში სხვანაირად უნდა ვიმოქმედოთ. მჯერა, რომ ამ გუნდს შექმნილი მდგომარეობიდან თავის დაღწევა შეუძლია. თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ“.
ლა ლიგის მე-8 ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სან-სებასტიანის „რეალ სოსიედადს“ ესტუმრა და 0:3 დამარცხდა. ამჟამად „ღამურები“ სატურნირო ცხრილში მე-18 პოზიციას იკავებენ. მომდევნო მატჩს მამარდას გუნდი 4 ოქტომბერს სტუმრად, „ლეგანესის“ წინააღმდეგ გამართავს.