2 რთული დარტყმა მოიგერია | მამარდას მშრალი სერია სოსიედადთან შეწყდა
ლა ლიგის მე-8 ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სან-სებასტიანის „რეალ სოსიედადს“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით დამარცხდა - 0:3. შესაბამისად, „ჟირონასა“ და „ოსასუნასთან“ წარმატებული მატჩების შემდეგ მამარდამ კარი მშრალად ვერ შეინახა.
ანგარიში მე-8 წუთზე სერხიო გომესის პასით ტაკეფუსა კუბომ გახსნა - მთელი პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა შესვენების შემდეგ რუბენ ბარახას შეგირდებმა თამაში მეტოქის ნახევარზე გადაიტანეს, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ ალექს რემიროს კარი ვერ აიღეს.
75-ე წუთზე მამარდაშვილმა „ვალენსია“ 100%-იან გოლს გადაარჩინა, როდესაც ახლო მანძილიდან „სოსიედადის“ ისლანდიელ ფორვარდს, ორი ოსკარსონს არ გაატანინა. თუმცა ოსკარსონმა თავის გამოჩენა მაინც შეძლო: მე-80 წუთზე ისლანდიელმა ბრაის მენდესის პასის შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი დუბლი გაიფორმა.
მატჩის საუკეთესო მომენტები
რაც შეეხება მამარდაშვილს, მან Sofascore-ისგან 6,5-იანი შეფასება დაიმსახურა. მამარდამ 3 „სეივი“ შეასრულა, 34-ჯერ შეეხო ბურთს, 28-დან 18 ზუსტი პასი გააკეთა (64%) და 11-დან ერთხელ ზუსტი გრძელი პასი მისცა.
მამარდას გამორჩეული მომენტები
„ვალენსია“ მომდევნო მატჩს 4 ოქტომბერს სტუმრად, „ლეგანესის“ წინააღმდეგ გამართავს.