„მისი თამაშის ყურება ნამდვილი სიამოვნებაა“ - მეტოქემ ჩაკვეტაძე გამოარჩია
ინგლისის ჩემპიონშიპის მე-7 ტურში „უოტფორდი“ სტუმრად „სანდერლენდს“ დაუპირისპირდება, რომლის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც ამ თამაშის წინ მომავალი მოწინააღმდეგის შესახებ დეტალური ანალიზი გამოქვეყნდა. სტატიის ბოლოს კი გამოყოფილი იყო ის ხუთი ფეხბურთელი, რომლებიც „უოტფორდის“ რიგებში ყველაზე საშიშნი არიან. სიას სათავეში გიორგი ჩაკვეტაძე უდგას, რომელიც საკმაოდ დადებითად არის დახასიათებული.
რას წერენ ჩაკვეტაძეზე
გიორგი ჩაკვეტაძე ყოველ მიზეზგარეშე არის წლევანდელი ჩემპიონშიპის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი, რომლის თამაშითაც უნდა ისიამოვნო. რამდენიმე წლის წინ მას საქართველოში მთავარ ტალანტად თვლიდნენ, მაგრამ უმძიმესმა ტრავმამ და არასწორმა ტრანსფერმა საგრძნობლად უკან დახია და მას ხვიჩა კვარაცხელიამ აჯობა.
ისევე როგორც კვარა, ჩაკვეც არის ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე განსხვავებას ქმნის და გამამწვავებელი პასის გაკეთება შეუძლია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი ფიზიკური კონდიციებიც საგრძნობლად გაიუმჯობესა.
საოცარი სანახავია მისი დრიბლინგი და ჩაკვეტაძე ფანების უსაყვარლესი ფეხბურთელია, ბოლოს ასეთი მონაცემებისა და უნარის მოთამაშე, რომელსაც პუბლიკის აღფრთოვანება შეეძლო, „უოტფორდს“ ბრაზილიელი ჟოაო პედრო ჰყავდა, რომელმაც კარიერის „ბრაიტონში“ გაგრძელება გადაწყვიტა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ გიორგიც სულ მალე უფრო მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ კლუბში გადავა.
ჩაკვეტაძესთან ერთად, „სანდერლენდის“ ვებ-გვერდზე დაწერილ სტატიაში „უოტფორდის“ კიდევ ოთხი ფეხბურთელი, 23 და 20 წლის ინგლისელი მცველები მეთიუ პოლოკი და რაიან ენდრიუსი, 35 წლის ფრანგი ნახევარმცველი მუსა სისოკო და 21 წლის გერმანელი ფორვარდი კვადვო ბაა მოხვდნენ.