„ცა და დედამიწაა“ - მათეუსმა კომპანი ტუხელს შეადარა
ვენსან კომპანის „ბაიერნში“ მუშაობას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა ფაქტია - ახალგაზრდა ბელგიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით „რეკორდმაისტერი“ ჯერჯერობით საკმაოდ გამართულ და სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს, რაც შედეგებშიც აისახება და მიუნხენელები ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს ოთხი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ლიდერობენ. კლუბის ლეგენდას ლოთარ მათეუსს „კიკერის“ ჟურნალისტმა კომპანის მის წინამორბედ ტომას ტუხელთან შედარება სთხოვა, რაზეც გერმანული ფეხბურთის გამორჩეული წარმომადგენლისგან საკმაოდ საინტერესო პასუხი მიიღო.
რა თქვა მათეუსმა
გუნდში მომხდარი ამბების განხილვაზე როცა მიდგება საქმე, კომპანი ამ ყველაფერზე საუბარს გუნდის შიგნით ანიჭებს უპირატესობას და არაფერს ასაჯაროვებს. აი, ტუხელი კი ფეხბურთელებს საჯაროდ აკრიტიკებდა. ჩემზე რომელიმე მწვრთნელს რომ ეთქვა, ფეხბურთი მათეუსის საქმე არ არის, შეიძლება ჭკუიდან გადავსულიყავი.
ახლა, ვენსან კომპანის მწვრთნელობის პერიოდში ფეხბურთელები თავს უშიშრად გრძნობენ და მზად არიან მთავარი მწვრთნელისთვის ცეცხლში შევიდნენ.
მერწმუნეთ, მოგებული ტიტულების მიუხედავად, ტუხელს პრობლემები „პარი სენ-ჟერმენშიც“ ჰქონდა, „დორტმუნდშიც“ და „ჩელსიშიც“. როდესაც ის „ბაიერნში“ დაინიშნა, ნასერ ელ-ხელაიფმა დამირეკა მკითხა, რამ მოაფიქრათ მიუნხენელებს ტუხელის დანიშვნა, საღ გონებაზე ხომ არიანო. ახლა ვხვდები, რომ ის მართალი იყო.
2023 წლის 24 მარტიდან 2024 წლის 18 მაისამდე, ტუხელის ხელმძღვანელობით ჩატარებულ 61 მატჩში „ბაიერნმა“ 37 მოიგო, 8 ფრედ დაასრულა და 16 წააგო. მისი ხელმძღვანელობით მიუნხენელებმა 2022-2023 წლების სეზონში ბუნდესლიგის „ვერცხლის სინი“ მოიპოვეს.