სკანდალი ვალენსიაში - კლუბის პრეზიდენტს პატიმრობა ემუქრება
„ვალენსიას“ პრეზიდენტის პიტერ ლიმის წინააღმდეგ ესპანეთის პროკურატურამ საქმე აღძრა. სინგაპურელ ბიზნესმენს კლუბის ანგარიშებიდან აზიაში მდებარე საკუთარი ფირმების სახელზე 23 მილიონ 300 ათასი ევროს უკანონოდ გადარიცხვასა და სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის გაყალბებას ედავებიან. ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ გამოძიება 7 ივნისს, ლიმის ყოფილი მარჯვენა ხელისა და კლუბის ექს-ვიცე-პრეზიდენტის, მიგელ სორიოს ჩვენების საფუძველზე აღიძრა და იმ შემთხვევაში თუ დეკემბრამდე პროკურორი სათანადო მტკიცებულებების შეგროვებას ვერ შეძლებს, სასამართლო წარმოება ავტომატურად შეწყდება.
თუმცა, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ლიმის წინააღმდეგ აღძრული საქმე სათანადო მსვლელობას მიიღებს, რადგან სორიომ აქციონერთა კრებაზე წარადგინა გადარიცხვები Meriton Holdings-ის ანგარიშზე 2022-2023 წლებში ორ ტრანშად - 17 მილიონი 200 ათასი ევრო საწყის ეტაპზე, ხოლო 6 მილიონ 100 ათასი ევრო რამდენიმე თვის შემდეგ დაჯდა.
შეგახსენებთ, რომ ლიმი „ღამურების“ გულშემატკივართა შორის დიდი სიმპათიებით არასოდეს სარგებლობდა, რადგან მან მათი საყვარელი კლუბის საშინაო სტადიონის „მესტალიას“ რეკონსტრუქცია ფინანსური პრობლემების მომიზეზებით შეაჩერა და ახლა, როდესაც მისი ფინანსური მაქინაციების შესახებ შეიტყობენ, სინგაპურელის მიმართ ზიზღი კიდევ უფრო გაიზრდება.