ლორია: მიხარია, რომ კვიპროსში დავბრუნდი, აქ თამაში მენატრებოდა
„ომონია არადიპუს“ ქართველი მეკარის, გიორგი ლორიას მოგერიება კვიპროსის ფეხბურთელთა ასოციაციამ (PASP) 1-ლი ტურის საუკეთესო მოგერიებად აღიარა.
ლორიამ PASP-ის ვებგვერდთან ინტერვიუში კვიპროსში დაბრუნებაზე და საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2024-ზე ასპარეზობაზე ისაუბრა.
ჯილდოზე: მადლობა ფეხბურთელთა ასოციაციას და ყველას, ვინც ხმა მომცა. მეამაყება ამ ჯილდოს მოგება, იმიტომ რომ ეს არის ჩემი შრომის აღიარება, რისთვისაც უზომოდ მადლობელი ვარ.
კვიპროსში დაბრუნებაზე: მიხარია, რომ კვიპროსის ჩემპიონატში დავბრუნდი, მენატრებოდა აქ თამაში და აქაური ატმოსფერო. ახალი სეზონი ძალიან იმედისმომცემად დავიწყეთ. გუნდი კარგ ფორმაშია და პირადად მე თავს კარგად ვგრძნობ და მზად ვარ, გუნდისთვის ყველაფერი გავიღო. ყველანი კონცენტრირებულები ვართ დასახული მიზნების მიღწევაზე.
ევრო 2024-ზე: საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაუვიწყარი გამოცდილება იყო. ასეთ დიდ ტურნირზე ჩემი ქვეყნის სახელით გამოსვლა ახდენილი ოცნებაა. ის დღეები არასოდეს დამავიწყდება, ეს შესანიშნავი დრო იყო“.
შეგახსენებთ, რომ ლორიამ მიმდინარე წლის ივლისში თბილისის „დინამო“ დატოვა და „ომონია არადიპუსთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მანამდე ლორია კვიპროსში, 2019-2023 წლებში თამაშობდა, როდესაც ოთხი წლის განმავლობაში ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ღირსებას იცავდა.
4 ტურის შემდეგ „ომონია არადიპუ“ 4 ქულით სატურნირო ცხრილის მე-10 ადგილზეა. მე-5 ტურში ლორიას გუნდი „კარმიოტისას“ უმასპინძლებს. მატჩი 28 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.