ერთი-ერთზე ძალიან სოლიდურია - კიოლნის მწვრთნელმა ბუდუ შეაქო
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-7 ტურში „კარლსრუე’’ „კიოლნს’’ ესტუმრება, მატჩის წინ „კიოლნის’’ მთავარმა მწვრთნელმა გერჰარდ შტრუბერმა „კარლსრუეს’’ ქართველ ფორვარდზე, ბუდუ ზივზივაძეზე ისაუბრა, რომელიც 6 გოლით ბუნდესლიგა 2-ის ბომბარდირთა შორის პირველ ადგილზეა.
შტრუბერი: „ბუდუ ზივზივაძე ის ფეხბურთელია, რომელიც კართან მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებს, ერთი-ერთზე ძალიან სოლიდურია. მას გოლების გასატანად ბევრი შანსის მიცემა არ სჭირდება. დაცვაში სივრცეები მაქსიმალურად უნდა შევამციროთ და ბურთის მიღებისთვის დრო არ მივცეთ’’.
„კიოლნი'' - „კარლსრუეს'' მატჩი 29 სექტემბერს, 15 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
ბუნდესლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში ბუდუ 6 გოლით კვლავ პირველ ადგილზეა, მეორეადგილოსნებს 2 გოლით უსწრებს. სეზონი 30 წლის თავდამსხმელმა ბრწყინვალედ დაიწყო, ბუნდესლიგა 2-ის ექვს ტურში 6 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. პლუს, გერმანიის თასის ერთ მატჩში მის აქტივში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
Transfermarkt-მა გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ფეხბურთელთა სატრანსფერო ღირებულებები განაახლა. საგულისხმოა, რომ „კარლსრუეს“ ქართველი ფორვარდის, ბუდუ ზივზივაძის ღირებულება 900 000 ევროთი გაიზარდა და ამჟამად 1,8 მილიონ ევროს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ 30 წლის ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეში“ 2023 წელს უნგრული „ფეჰერვარიდან“ გადავიდა.