„მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდეს, მეტი შეუძლია“ - მჭედლიძე გოგლიჩიძეზე
საქართველოს ნაკრებისა და „ემპოლის“ ყოფილმა ფორვარდმა, ლევან მჭედლიძემ Radio FirenzeViola-სთან ინტერვიუში სერია ა-ში ტოსკანური კლუბის შესანიშნავ სტარტზე, საბა გოგლიჩიძეზე და საკუთარ გეგმებზე ისაუბრა.
მჭედლიძე ამბობს, რომ კარიერა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დაასრულა, ამიტომ ფეხბურთი ახლაც ენატრება და ცდილობს, ისევ საფეხბურთო სამყაროში იმუშაოს.
კერძოდ, მჭედლიძის განცხადებით, მას საქართველოში საფეხბურთო სკოლის დაარსება და ნიჭიერი ფეხბურთელების იტალიაში წაყვანა აქვს გადაწყვეტილი და ამ მიმართულებით ცნობილ იტალიელ აგენტ ლუკა პუჩინელისთან თანამშრომლობს.
ლევან მჭედლიძე:
„საფეხბურთო კუთხით საქართველო ძალიან გაიზარდა. იტალიაში ჩვენი ბიჭები კარგად თამაშობენ. კვარაზე ახალს ვერაფერს ვიტყვი: ის ჩემპიონია და ყველასათვის ნათელია, რომ მას ყველაფერი შეუძლია. რაც შეეხება გოგლიჩიძეს, ის ძალიან ჭკვიანი და კარგი პროფესიონალია. საბა მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდეს, მას მეტი შეუძლია.
მართალი გითხრათ, გაკვირვებული ვარ იმით, თუ როგორ დაიწყო „ემპოლიმ“ სეზონი. მომწონს გუნდის თამაში, მათ ყველა მატჩს ვუყურებ. მნიშვნელოვანია, რომ გასახდელში კარგი ატმოსფერო იყოს. რობერტო დ’ავერსას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ის ფეხბურთელებთან ძალიან კარგად მუშაობს.
ამასთანავე, უკან არ უნდა ვიხედებოდეთ და არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, თუ რამდენი ქულა გვაქვს დაგროვებული გასულ მატჩებში. „ემპოლიმ“ უნდა გააგრძელოს თავისი საქმის კეთება, სატურნირო ცხრილში ჩახედვა საჭირო არაა“.
შეგახსენებთ, რომ 5 ტურის შემდეგ საბა გოგლიჩიძისა და საბა საზონოვის „ემპოლი“ 9 ქულით სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაზეა. მე-6 ტურში ტოსკანური კლუბი „ფიორენტინას“ უმასპინძლებს. მატჩი 29 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.
ლევან მჭედლიძე „ემპოლის“ ღირსებას 2008-2019 წლებში იცავდა და ტოსკანური კლუბის მაისურით 163 მატჩში 20 გოლი გაიტანა.