ევროპა ლიგა: მიქაუტაძე ცვლილებაზე შევიდა - ლიონმა მოიგო
ევროპა ლიგის პირველ ტურში „ლიონმა“ „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა.
ფრანგები უპირატესობას თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ და გოლებში ასახვა მხოლოდ მეორე ტაიმში შეძლეს. 65-ე და 71-ე წუთებზე შერკიმ და ბენრაჰმამ ბერძნების კარი ორჯერ აიღეს და შეხვედრის ბედი გადაწყვიტეს.
გიორგი მიქაუტაძე ამჯერადაც თადარიგში დარჩა და მოედანზე მეორე ტაიმში 2:0-ის შემდეგ 75-ე წუთზე ლაკაზეტის ნაცვლად შევიდა.
მიქაუტაძემ ჯამში არბიტრის დამატებული დროის ჩათვლით 21 წუთი ითამაშა, თუმცა საგოლე მომენტი არ შეჰქმნია.
აღსანიშნავია, რომ „ლიონმა“ ამ შეხვედრაში 4-3-3 ტაქტიკით ითამაშა და საკმაოდ ლამაზი ფეხბურთიც აჩვენეს. ეს სქემა მიქაუტაძის ძირითადში მოხვედრის შანსებს კიდევ უფრო ამცირებს. ქართველ ფორვარდს ალექსანდრ ლაკაზეტის ამოგდება მოუწევს, რომელიც გუნდის ლიდერად ითვლება.
„ლიონი“ მომდევნო შეხვედრას ლიგა 1-ში კვირას „ტულუზას“ წინააღმდეგ სტუმრად გამართავს. მატჩი ჩვენი დროით 17:00-ზე დაიწყება.
ევროპა ლიგაზე ითამაშა კიდევ ორმა ქართველმა. ბუქარესტის „სტიაუასთან“ სტუმრად ლატვიური „რფს“ უშანსოდ 1:4 დამარცხდა.
რფს-ს რიგებში ითამაშეს ქართველმა ლეგიონერებმა ლაშა ოდიშარიამ და ლუკა სილაგაძემ. ოდიშარია სასტარტოში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს, ოდიშარია კი მოედანზე მეორე ნახევარში 70-ე წუთზე ცვლილებაზე შევიდა.