კრისტალბეთ ეროვნული ლიგა: ტორპედომ 10 კაცით მოიგო, სამტრედიამ კუთხურიდან გაიტანა
დღეს, „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ 26-ე ტურის 3 მატჩი გაიმართა.
„სამტრედიამ“ „თელავს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში 37-ე წუთზე გაიხსნა. მცველების უყურადღებობით ფირუზ მარაქველიძემ ისარგებლა და დასწრებაზე მეკარეც მოძრაობაზე დაიჭირა. ტაიმის მიწურულს 43-ე წუთზე დავით უბილავამ ანგარიშის გათანაბრება შეძლო.
მეორე ტაიმში 52-ე წუთზე „თელაველთა“ მეკარეს ბექა ქურდაძეს კუთხურისას ჩამოეძინა და რატი არდაზიშვილმა ჩახვეული დარტყმით შეხვედრაში გამარჯვების გოლი გაიტანა.
„სამტრედიამ“ სეზონში მესამე მატჩი მოიგო და 19 ქულით ბოლო ადგილზე რჩება. „თელავი“ კი 24 ქულით ბოლოს წინა მე-9 ადგილზე რჩება.
ჩემპიონატის ერთ-ერთმა ლიდერმა „იბერია 1919“-მა აუტსაიდერ „გაგრას“ უმასპინძლა და მოულოდნელად ფრედ 1:1 ითამაშა.
მე-5 წუთზე გიორგი ხარებაშვილმა სტუმრები დააწინაურა და ამის შემდეგ, პრაქტიკულად მთელი შეხვედრა „გაგრა“ მატჩს იგებდა, თუმცა არბიტრმა 7 წუთი დაამატა. 97-ე წუთზე კი 91-ე წუთზე ცვლილებაზე შესულმა ირაკლი სიხარულიძემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო.
„იბერია 1919“ 49 ქულით მე-3 ადგილზე რჩება. ხოლო „გაგრა“ 25 ქულით მე-8 პოზიციაზე.
დღის ბოლო მატჩში ქუთაისის „ტორპედომ“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 1:0 გაიმარჯვა.
მე-16 წუთზე „ტორპედო“ კაცნაკლული დარჩა. გუნდის კაპიტანი მერაბ გიგაური უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს, თუმცა სტუმრებმა ამით ვერ ისარგებლეს.
მეორე ნახევარში 77-ე წუთზე ბიორნ იონსენმა პენალტი მოინადირა და დარტყმა თავადვე ზუსტად შეასრულა. ეს შეხვედრაში ერთადერთი გოლი გამოდგა.
ქუთაისური კლუბი 54 ქულით ამჟამად „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ ლიდერია. თუმცა „დილას“ ჯერ ამ ტურში თავისი მატჩი არ ჩაუტარებია. გორელებს 51 ქულა აქვთ და ხვალ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებენ.
„სამგურალი“ კი 31 ქულით სატურნირო ცხრილის შუაში მე-5 ადგილზე იმყოფება.