Estadio Deportivo სალიაზე - ბეტისმა აღმოაჩინა, ნიუკასლი კი მოტაცებას უპირებს
ესპანური გამოცემა Estadio Deportivo ბოლო დროს მედიაში „დინამო თბილისის“ ახალგაზრდა ტალანტის, ვახტანგ სალიას შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სალია პირველად „ბეტისმა“ „აღმოაჩინა“.
„ვერდიბლანკოსმა“ ქართველი ფორვარდი მაშინ აღმოაჩინა, როდესაც ის მხოლოდ 16 წლის იყო. „ბეტისმა“ მოლაპარაკებებიც გამართა და ყურადღებით აკვირდებოდა ახალგაზრდა ტალანტის განვითარებას, რათა მომავალში მისი ტრანსფერი განეხორციელებინა, თუმცა, როგორც ჩანს, სევილიურ გუნდს ძლევამოსილი კონკურენტი გამოუჩნდა“, - წერს გამოცემა.
რას წერს Estadio Deportivo:
„მას შემდეგ, რაც რამონ პლანესმა სკაუტინგის დეპარტამენტი ჩაიბარა და Betis Talent-ი ჩამოაყალიბა, გუნდმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდა ტალანტების მოძიება-გადაბირებაში სერიოზულად წაიწია წინ. ერთ-ერთი პირველი, ვინც Betis Talent-ის მუშაობის შედეგად კლუბის რადარებზე მოხვდა, ვახტანგ სალია იყო.
მაშინ სევილიურმა კლუბმა ტრანსფერი არ განახორციელა, თუმცა სკაუტინგის დეპარტამენტი ყურადღებით აკვირდებოდა „დინამოს“ ფორვარდის პროგრესს, რომელმაც წელს 30 მატჩი ჩაატარა, მათ შორის 22 მატჩი საქართველოს ეროვნულ ლიგაში. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, სალიამ 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა. გარდა ამისა, მას რეგულარულად იძახებენ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში.
არსებული ინფორმაციით, „ბეტისი“ ფეხბურთელის გარემოცვას შეუთანხმდა, რომ ტრანსფერს მაშინ განახორციელებდა, როდესაც სალია სრულწლოვანი გახდებოდა, თუმცა, როგორც მედიიდან ირკვევა, „ნიუკასლმა“ შესაძლოა ფეხბურთელი „ბეტისს“ მოსტაცოს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, ამიტომ არაა გამორიცხული, „ბეტისმა“ ახალგაზრდა ქართველისთვის კიდევ იბრძოლოს“.
შეგახსენებთ, რომ ვახო სალია თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში დებიუტი 2023 წელს ჰქონდა. 17 წლის შემტევმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, საქართველოს თასსა და კონფერენს ლიგის შესარჩევ ეტაპზე „დინამოს“ მაისურით 29 მატჩი ჩაატარა და თავი 4 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
Crystalsport-ის ინფორმაციით, „ნიუკასლსა“ და „დინამოს“ შორის მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - დიდი ალბათობით, ქართველი ფეხბურთელი ზაფხულამდე დედაქალაქურ კლუბში დარჩება, შემდეგ კი ნისლიან ალბიონზე გადაბარგდება.