ფინიშები, რომლებმაც მაყურებლები დაადუმა | ილიას ნოკაუტი UFC-ის რჩეულებში
UFC-იმ Youtube-ის საკუთარ არხზე ვიდეო გამოაქვეყნა და მასში გააერთიანა ფინიშები, რომლებმაც მაყურებლები დაადუმეს. საუკეთესოთა შორის ილია თოფურიაც მოხვდა და UFC-იმ „ელ მატადორის“ მიერ ჯაი ჰერბერტის წინააღმდეგ გაფორმებული ნოკაუტი გამოარჩია.
თოფურიამ და ჰერბერტმა 2022 წლის მარტში იჩხუბეს და ორთაბრძოლა მსუბუქ წონით დივიზიონში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, ილიამ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ღონისძიებას ლონდონმა უმასპინძლა და ჰერბერტი ინგლისელია, რის გამოც, მას მთელი ორთაბრძოლის განმავლობაში აქტიურად ქომაგობდნენ.
ჰერბერტმა ჩხუბი კარგად დაიწყო და პირველ რაუნდში, თოფურია ნოკდაუნში გაგზავნა. ილიამ უმძიმესი დარტყმა მიიღო, მაგრამ ბრძოლაში დარჩა. მეორე რაუნდში, „ელ მატადორმა“ ფენომენალური ნოკაუტი მიითვალა და UFC-სგან ბონუსიც დაიმსახურა.
ცნობისთვის, ილია ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონია და ჰერბერტის შემდეგ ბრაის მიტჩელი, ჯოშ ემეტი და ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა. თოფურია მომდევნო ორთაბრძოლას მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ, 26 ოქტომბერს გამართავს. მათი ჩხუბი UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება.