„თოფურია ჩემი ფანია, ამას ვერ უარყოფს“ - ჰოლოუეიმ ილიაზე ისაუბრა
UFC-ის ქვემსუბუქ წონით დივიზიონში, ილია თოფურიას მომდევნო მეტოქემ, მაქს ჰოლოუეიმ Stake-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა და „მატადორთან“ ბრძოლაზე ისაუბრა.
მაქს ჰოლოუეი:
„ბრძოლისთვის მოსამზადებელი ეტაპი გეგმის მიხედვით მიდის. ბრძოლისთვის გარკვეული გზა კარგად დავგეგმეთ და ახლა, მთლიანად ამაზე ვარ კონცენტრირებული. თუ როგორ მოვემზადე, ამას 26 ოქტომბერს გავიგებთ. ვერ უარვყოფ, რომ თოფურია მხეცია, მაგრამ ვეღარ ვითმენ. ერთი სული მაქვს ოქტაგონზე გავიდე და ის ჩემს წინააღმდეგ გამოვცადო. ადრეც ვთქვი და ახლაც ვიტყვი, რომ ილია თოფურია აქამდე რომ მოსულიყო, გარკვეული დროის განმავლობაში მას ჩემგან შორს აყენებდნენ, 26 ოქტომბერს კი ვაჩვენებ, თუ რატომ გააკეთა ეს UFC-იმ“.
„ილია უცნაური ბიჭია, გულახდილად რომ ვთქვა, ჯერ ვერ გავიგე როგორი. ვფიქრობ, ის ჩემი ფანია და ამას ვერც უარყოფს. დიახ, ის მგულშემატკივრობს, მაგრამ ნამდვილად უცნაური ბიჭია. ჩემზე რაც არ უნდა თქვას, არ მადარდებს. მას უბრალოდ ვეჩხუბები, სახეში მუშტს დავარტყამ. ის ბრწყინვალე მებრძოლია და ჩემპიონი რაღაც მიზეზის გამო გახდა. შესანიშნავი კრივი აქვს, კარგად ჭიდაობს და კარგ ჯიუ-ჯიცუსაც ფლობს“.
„ძლიერი და სწრაფია, მაგრამ ჩემთან არასდროს უბრძოლია. ფიქრობს, რომ ჩემს გათიშვას შეძლებს, მაგრამ ეს არ მადარდებს. პირიქით, ჩემთვისაც უკეთესი იქნება, თუ ოქტაგონზე ილიას საუკეთესო ვერსიას ვნახავთ. როდესაც გალიაში მარტონი დავრჩებით და ყველა საუბარი შეწყდება, ყველაფერს მაშინ გავარკვევთ. ძალიან მინდა, რომ 26 ოქტომბერი მალე მოვიდეს“.
მაქს ჰოლოუეის MMA-ს ეგიდით 33 ბრძოლა აქვს გამართული, მისი რეკორდი კი 26 მოგება და 7 მარცხია. მაქსი UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი 2019 წელს იყო და ტიტული ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან მარცხის შემდეგ დაკარგა.
რაც შეეხება თოფურიას, ქართველი მებრძოლი ამ დრომდე დაუმარცხებელია. თოფურიას MMA-ში 15 ბრძოლა აქვს გამართული და 15-ვე გამარჯვებით დაასრულა. „მატადორმა“ UFC-ის ჩემპიონის ქამარი მიმდინარე წლის თებერვალში, ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან გამარჯვების შემდეგ მოიპოვა.
„მატადორისა“ და „დალოცვილის“ საჩემპიონო ბრძოლა 26 ოქტომბერს, UFC 308-ზე აბუ-დაბიში გაიმართება.