სანამ მთავარი მწვრთნელი ატამანია - ფენერბაჰჩე ნაკრებში კალათბურთელებს არ უშვებს
თურქეთის კალათბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი რომ არასპორტული საქციელით მუდამ ყურადღების ცენტრში მოქცევას ცდილობს, ეს ორი წლის წინ თბილისში გამართული ევრობასკეტის დროსაც დადასტურდა, როდესაც ის კონფლიქტში ჯერ არბიტრებთან, შემდეგ კი საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებთან შევიდა. ამჯერად კი გამოცდილი სპეციალისტი, რომელიც თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის დამრიგებლის გარდა, ანალოგიურ პოზიციაზე „პანათინაიკოსშიც“ მუშაობს, კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა.
ათენის კლუბი წინასასეზონო მზადების ფარგლებში „გალათასარაის“ ხვდებოდა, მატჩის მიმდინარეობისას კი ატამანმა ტრიბუნაზე მყოფ „ფენერბაჰჩეს“ ქომაგებს თითებით 3-იანი და 1-იანი აჩვენა, რითაც რამდენიმე დღის წინ გამართულ საფეხბურთო შეხვედრაზე მიანიშნა, რომელშიც მათი საყვარელი გუნდი „გალათასარაიმ“ დაამარცხა. საკალათბურთო ეროვნული გუნდის ასეთ საქციელს „ფენერბაჰჩეს“ კალათბურთელთა კლუბის ხელმძღვანელები მალევე გამოხმაურნენ.
ფენერბაჰჩეს განცხადება
ის, რაც ერგინ ატამანმა „პანათინაიკოსი“ – „გალათასარაის“ მატჩის დროს გააკეთა, სრულად ეწინააღმდეგება თურქეთის ეროვნული ნაკრების იდენტობას. ნაკრები არის თითოეული თურქის საგულშემატკივრო პლაცდარმი, რომლის ხელმძღვანელიც არ უნდა წარმოადგენდეს ცალკეული კლუბის ქომაგს და მითუმეტეს, ამ ყველაფერს საჯაროდ არ უნდა გამოხატავდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მისი ბოდიში არაფერს ნიშნავს და სანამ ატამანი თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია, „ფენერბაჰჩე“ იქ სათამაშოდ არც ერთ კალათბურთელს აღარ გაუშვებს.
სამწვრთნელო კარიერის მანძილზე, ერგინ ატამანმა საუკეთესო პერიოდი „ანადოლუ ეფესში„ მუშაობისას გააატარა, სადაც ოთხ წელიწადში სამჯერ, 2021, 2022 და 2024 წლებში გახდა ევროლიგის ჩემპიონი.