ფლიკი რეკორდს უტევს - მომდევნო მეტოქე ოსასუნაა
„ბარსელონამ“ საკუთარ სტადიონზე „ხეტაფე“ მხოლოდ მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა, თუმცა ამ შემთხვევაში ანგარიშზე მეტი მნიშვნელობა იმ ფაქტს ენიჭება, რომ კატალონიელებმა წარმატებული სვლა განაგრძეს და ლა ლიგის სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობენ. გამარჯვების ბურთი საკუთარ აქტივში რობერტ ლევანდოვსკიმ ჩაიწერა, რომლის ანგარიშზეც 7 ტურში 7 გოლია და ბომბარდირთა დავაში უშუალო კონკურენტებს რაფინიასა (5) და კილიან მბაპეს (5) ორი ბურთით უსწრებს.
ფეხბურთელებზე უფრო მეტად, კატალონიური გამოცემები ჰანს დიტერ ფლიკის მოღვაწეობაზე ამახვილებენ ყურადღებას. გერმანელი კლუბის ისტორიაში ტატა მარტინოსა (2013) და ერნესტო ვალვერდეს (2017) შემდეგ გახდა რიგით მესამე მთავარი მწვრთნელი, რომელმაც „ბლაუგრანას“ პრიმერადივიზიონის საწყის შვიდ ტურში შვიდივე თამაში მოაგებინა. შაბათს, 28 სექტემბერს, „ბარსა“ პამპლონაში „ოსასუნას“ დაუპირისპირდება და წარმატების შემთხვევაში, ფლიკი ყველა დროის რეკორდსმენის წოდებას მოიპოვებს.
„ხეტაფესთან“ გამარჯვების შემდეგ, გერმანელმა სპეციალისტმა საკუთარ მიღწევაზე უფრო მეტი ცალკეულ ფეხბურთელებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 25 წლის ინიაკი პენია გამოუცდელი მეკარეა, რის გამოც ტრავმირებული მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შემცვლელის მოძიება აუცილებელია. ფლიკმა ასევე დაამატა, რომ ანსუ ფატი ტრავმისგან სრულად გამოჯანმრთელდა, თუმცა რახან „ხეტაფესთან“ დაძაბული თამაში მიდიოდა, მის ნაცვლად შეხვედრაში სხვა მოთამაშეების ჩართვა ამჯობინა.