„ვაპირებთ, თუ არა მისი შემცვლელის დამატებას?“ - ემპოლიში საზონოვზე ისაუბრეს
„ემპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, რობერტო ჯემიმ იტალიურ Mediaset-თან ინტერვიუს დროს გუნდის მდგომარეობასა და საბა საზონოვის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ კლუბმა მისი შემცვლელი შესაძლოა, არ დაიმატოს.
რას ამბობს ჯემი:
„სერია A-ში გუნდის სტარტით კმაყოფილები ვართ. ვიცით, რომ რთული მომენტებიც დადგება და ამ მომენტების სამართავად ვემზადებით. სწორად მართვა ჩვენი გასაღები იქნება“.
„გუნდის ამჟამინდელი პროექტის და იმ ახალგაზრდების, რომლებიც ახლა გვყავს, გვჯერა. მწვრთნელი სწორად შევარჩიეთ და საერთო ხედვებში პრობლემა არ გვქონია“.
„საზონოვის შემცვლელი? ახლა იმაზე ვფიქრობთ, თუ როგორ უნდა განვაგრძოთ წინსვლა ამ ტრავმის შემდეგ. საბას ჯანმრთელობას ვუსურვებ, იმედია მალე გამოჯანმრთელდება. ახლა განვიხილავთ, თუ რამდენად მიზანშეწონილია თავისუფალი აგენტის მოყვანა. წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ეს გარკვეულ სირთულეებთან ასოცირდება“.
საბა საზონოვმა ტრავმა 1 კვირის წინ, „ემპოლის“ ერთ-ერთ ვარჯიშზე მიიღო. ქართველ მცველს მუხლის ჯვარედინი იოგები აქვს დაზიანებული და მოედანზე გასვლას რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. შეგახსენებთ, რომ საზონოვის გარდა „ემპოლიში“ კიდევ ერთი ქართველი მცველი, საბა გოგლიჩიძეც ირიცხება. აქვე გეტყვით, რომ საბა საზონოვი „ტორინოს“ საკუთრებაა და „ემპოლიში“ 1-წლიანი იჯარის წესით იმყოფება.
5 ტურის შემდეგ, „ემპოლი“ სერია A-ში ამ დრომდე მარცხის გარეშე ასპარეზობს. ქართველების გუნდს 2 მოგება და 3 ფრე აქვს, სატურნირო ცხრილში კი 9 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.