„ენტონი დევისის იდეალური შემცვლელი“ | ლეიკერსს ბითაძის დამატებას ურჩევენ
ცნობილმა საკალათბურთო პორტალმა, Fadeawayworld-მა დაასახელა კალათბურთელები, რომელთა გადაყვანის შემთხვევაშიც, „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ შემადგენლობას გააძლიერებს. Fadeawayworld-ის ყურადღების ცენტრში გოგა ბითაძეც მოექცა და სტატიის ავტორი „ლეიკერსს“ ურჩევს, „ორლანდო მეჯიქს“ გოგას გაცვლა შესთავაზოს.
„თუ ორლანდო მეჯიქი ჯონათან აიზეკის გასაცვლელად მზად არაა, ლეიკერსისთვის ვარიანტი შესაძლოა, გოგა ბითაძე აღმოჩნდეს. ქართველი კალათბურთელი გუნდს სიმაღლეს შესძენს და სამწამიანის უკეთესად დაცვაში დაეხმარება. ახლახან, ბითაძემ ორლანდოსთან 3-წლიანი, 25-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ მეჯიქს უენდელ კარტერ ჯუნიორი და მო ვაგნერი ჰყავს, რის გამოც, სასურველი წინადადების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, გოგას გაშვებაზე თანხმობა თქვას.
გასულ სეზონში, ბითაძე საშუალოდ 5 ქულას, 4.6 მოხსნასა და 1.2 დაფარებას აგროვებდა და თუ გავითვალისწინებთ გოგას ბლოკების განხორციელებისა და სამწამიანის დაცვის უნარს, მას შეუძლია, ენტონი დევისის იდეალური შემცვლელი გახდეს. არც ისაა გამორიცხული, გოგამ სასტარტო ხუთეულში დაიწყოს და ცენტრის პოზიციაზე ითამაშოს, ეიდი კი მძიმე ფორვარდზე გადავიდეს.
გოგა საკუთარ ფარს კარგად იცავს და სამწამიანში ქულების აღება შეუძლია, რაც მას ლეიკერსისთვის მნიშვნელოვან აქტივად აქცევს. გოგას მეტოქის დაცვის გაწელვაც შეუძლია და თუ ლოს ანჯელესელებმა შემადგენლობის გაღრმავება გადაწყვიტეს, ბითაძე კარგი ვარიანტია“, - წერს სპორტული გამოცემა.
ცნობისთვის, „ორლანდოს“ მაისურით ქართველმა ცენტრმა გასულ სეზონში 62 მატჩი ჩაატარა. ბითაძე პარკეტზე საშუალოდ 15.4 წუთს ატარებდა და 5 ქულასთან ერთად, 4.6 მოხსნას, 1.3 შედეგიან გადაცემასა და 1.2 დაფარებას აგროვებდა. „მეჯიქი“ NBA-ს გათამაშებას პლეი ოფში „კლივლენდ კავალიერსთან“ მარცხის შემდეგ დაემშვიდობა.