„კონტრშეტევებზე კარგი მომენტები ჰქონდა“ | ქლევერლი ჩაკვესა და სიტისთან მატჩზე
ინგლისის კარაბაოს თასის 1/16-ფინალში, გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდა. „კრაზანები“ 1:2 დამარცხდნენ, „ჩაკვე“ კი მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა და საგოლე გადაცემა მიითვალა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, „უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომ ქლევერლიმ საკუთარი გუნდის გამოსვლა შეაფასა. ქლევერლი ცვლილებაზე შესული ფეხბურთელების მიერ ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი დარჩა და განაცხადა, რომ „კრაზანებმა“ გამძლეობის უნარი გამოავლინეს.
„ცვლილებაზე შესულმა ყველა ფეხბურთელმა საკუთარი თავის კარგი ვერსია აჩვენა, რაც ამტკიცებს, რომ გუნდში სწორი მიდგომა გვაქვს და სათამაშოდ ყველა მზადაა. ჩემი აზრით, ცვლილებაზე შესულმა ფეხბურთელებმა მიმდინარე სეზონში გამართულ ყველა შეხვედრაზე მოახდინეს გავლენა. როკო ვატასა და გიორგი ჩაკვეტაძეს კონტრშეტევებზე კარგი მომენტები ჰქონდათ და სასიამოვნო საღამო იყო, რასაც წაგების შემდეგ ხშირად ვერ იტყვი“.
ცნობისთვის, ჩემპიონშიფის სეზონის ზედიზედ სამი გამარჯვებით დაწყების შემდეგ, „უოტფორდმა“ ბოლო 3 შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულა აიღო და სატურნირო ცხრილის მე-8 ადგილს იკავებს. „კრაზანები“ მომდევნო მატჩს 28 სექტემბერს გამართავენ და „სანდერლენდს“ დაუპირისპირდებიან.