„პირველი გამოცდა ჩაბარებულია“ | მამარდას მატჩს ლივერპულის წარმომადგენლები ესწრებოდნენ
„მესტალიაზე“ გამართულ „ვალენსია“-„ოსასუნას“ მატჩს „ლივერპულის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ესპანური relevo-ს ჟურნალისტი ნაჩო სანჩისი წერს და აღნიშნავს, რომ მერსისაიდული კლუბის წარმომადგენლების ვიზიტი „წითლებიდან“ „ღამურებში“ განათხოვრებულ გიორგი მამარდაშვილს უკავშირდებოდა.
სანჩისის ცნობით, „ლივერპულის“ წარმომადგენლების „მესტალიაზე“ ვიზიტის მიზანი მამარდას თამაშის შესახებ დასკვნის მომზადება იყო და ქართველმა პირველი „გამოცდა“ წარმატებით ჩააბარა.
რას წერს ნაჩო სანჩისი:
„მამარდაშვილმა „ლივერპულის“ პირველი გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ინგლისური კლუბის წარმომადგენლები ამ დღეებში ქართველს ესტუმრნენ და მესტალიაზე მის მატჩსაც დაესწრნენ. შედეგი: მშრალად შენახული კარი, უკვე მეორედ ამ სეზონში. მიმდინარე სეზონი დიდწილად განსაზღვრავს იმას, როგორი იქნება მამარდას პირველი წელი „ლივერპულში“.
ლა ლიგის მორიგ ტურში „ვალენსიამ“ „ოსასუნას“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. მამარდამ მიმდინარე სეზონში კარი მშრალად ზედიზედ მეორედ შეინახა. პირველად მან ეს წინა ტურში ჟირონას წინააღმდეგ მოახერხა.
რაც შეეხება „ვალენსიას“, „ღამურებს“ სატურნირო ცხრილში 5 ქულა დაუგროვდათ და დროებით გასავარდნი ზონიდან ამოვიდნენ. რუბენ ბარახას გუნდი მე-17 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს მამარდას გუნდი 28 სექტემბერს სან-სებასტიანში, „სოსიედადის“ წინააღმდეგ გამართავს.