ტიმ ჰოვარდი: “პეპ გუარდიოლამ ფეხბურთი გაანადგურა“
პეპ გუარდიოლამ თანამედროვე ფეხბურთზე საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა. ბარსელონაში ტიკი-ტაკას დანერგვის შემდეგ, მას არაერთმა მწვრთნელმა მიბაძა და ევროპულ ფეხბურთში არაერთი გუნდი მიმართავს ამ სტილს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ყოფილმა მეკარემ ტიმ ჰოვარდმა კრიტიკული კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გუარდიოლამ ფეხბურთი მოკლა.
რა თქვა ჰოვარდმა?
„პეპ გუარდიოლამ ტიკი-ტაკათი ფეხბურთი გაანადგურა და მოკლა. იმ გუნდებმა, რომლებშიც თვითონ მუშაობს ან მუშაობდა, ალღო ადვილად აუღეს, მაგრამ სხვებმა ვერაფერი გაუგეს და წარმატებას ვერ მიაღწიეს.
მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებში. ამას კი გრეგ ბერჰალტერის სამსახურის დაკარგვა მოყვა. იცით რა თქვა პოჩეტინომ ამერიკის ნაკრებში დანიშვნის შემდეგ? ის ფიქრობს, რომ ტიკი-ტაკა არ უნდა ვითამაშოთ, რადგან ეს ყველას არ გამოსდის. პეპმა ყველას დააჯერა, რომ ამ ტაქტიკით წარმატების მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ ამით მან ფეხბურთი მოკლა.“
შეგახსენებთ, რომ ტიმ ჰოვარდი კარიერის განმავლობაში მანჩესტერ იუნაიტედში, ევერტონში, კოლორადოში, მემფისში, მეტროსტარში და ჯერსი იმპერიალსში თამაშობდა.
ასევე, ყოფილი მეკარე ამერიკის ნაკრების ღირსებას 2002/2017 წლებში იცავდა. ამ პერიოდში მან 121 მატჩი ჩაატარა.