კაპიტანი ლოჩოშვილი - კრემონეზე დამარცხდა და იტალიის თასს დაემშვიდობა
იტალიის თასის 1/16-ფინალში „კალიარიმ’’ შინ „კრემონეზე’’ 1:0 დაამარცხა. ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც დისკვალიფიცირებულია და სერია B-ს შეხვედრებში გუნდს ვერ ეხმარება, „კალიარისთან’’ კაპიტანი იყო. სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. აღსანიშნავია რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა იტალიურ კლუბს პირველად უკაპიტნა.
საინტერესო ერთი ფაქტი, „კრემონეზეს'' „კალიარის'' ბარიერი რომ დაეძლია, შემდეგ ეტაპზე ტურინის „იუვენტუსს'' შეხვდებოდა.
„კრემონეზეს'' კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, დაჩი ლორთქიფანიძე სამატჩო განაცხადში არ იმყოფებოდა. მეტწილად დაჩი „კრემონეზეს'' 20-წლამდე გუნდში თამაშობს, სერია B-ს გასულ ტურში „კატანძაროსთან'' სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თუმცა მისი დებიუტი ჯერ არ შემდგარა.
26 წლის ლოჩოშვილი კრემონულ კლუბში მესამე სეზონს იწყებს. ამ სეზონში პირველი ტური გამოტოვა, მეორე ტურში „კარარეზესთან’’ მატჩის მიწურულს გამოვიდა მოედანზე, სასტარტოში „პალერმოსთან'' დაბრუნდა, გოლის მომენტში შეცდა, თუმცა თუ გოლის მომენტს არ ჩავთვლით, აქტიური იყო და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. „პალერმოსთან’’ წაგებული მატჩის შემდეგ არბიტრს ზურგის არეში ხელი ჰკრა, წითელი ბარათი უჩვენეს, სადისციპლინო კომიტეტმა მომენტი განიხილა და ლუკა მკაცრად, 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. სამი მატჩი უკვე გამოტოვა, სერია B-ს მომდევნო ტურში „ბრეშასთან'' შეხვედრას გამოტოვებს და 6 ოქტომბერს, სანაკრებო პაუზის წინ, „ბარისთან'' თამაშის უფლება ექნება. დისკვალიფიკაცია მხოლოდ იტალიის ჩემპიონატის შეხვედრებს მოიცავს.
ლუკას „კრემონეზესთან'' კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის მონაცემებით, მისი სატრანსფერო თანხა 1,1 მილიონი ევროა.