რუსეთის ასაკობრივი ნაკრებები შესაძლოა, საერთაშორისო ტურნირებზე დააბრუნონ
Aa
Aa

რუსეთის ასაკობრივი ნაკრებები შესაძლოა, საერთაშორისო ტურნირებზე დააბრუნონ

UEFA-მ რუსეთის ასაკობრივი ნაკრებები შესაძლოა, საერთაშორისო ტურნირებზე დააბრუნოს. ბოლოს გამართული უეფას სამიტის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ამას მხარი საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დაუჭირა, დღეს კი ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ადილეტ ბარმენკულოვის კომენტარი გავრცელდა, რომელშიც რუსების ტურნირებზე დაბრუნების ალბათობაზე საუბრობს.

რას ამბობს ბარმენკულოვი:

„უეფას ბოლო საიტზე დაისვა საკითხი რუსეთის 18-წლამდე ნაკრების საერთაშორისო შეჯიბრებებში დაბრუნების შესახებ. ამ საკითხზე ჩემი აზრი მეც დავაფიქსირე და ვთქვი, რომ როგორ უნდა ავუხსნათ ამ ბავშვებს, თუ რატომ არ ვათამაშებთ ტურნირებზე?“

„მე ანდრეი შევჩენკოს განცხადება არ მომისმენია, რადგან უეფამ რამდენიმე სამუშაო ჯგუფად დაგვყო და ის სხვა ჯგუფში გამოვიდა. მაგრამ მე რაც მოვისმინე, უეფას წევრი ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი მხარს უჭერს ასაკობრივი ნაკრებების ტურნირებზე დაბრუნებას. იყო განსხვავებული მოსაზრებებიც, მაგრამ ამ იდეას მხარი ბევრმა ფედერაციამ დაუჭირა, მათ შორის იყო ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელიც. ის ამბობდა, რომ რა შუაშია ეს პროცესები ბავშვებთან? ისინი ამაში დამნაშავეები არ არიან! აქედან გამომდინარე, ბავშვების დაბრუნებასთან დაკავშირებით, ნამდვილად პოზიტიური დინამიკა დავინახე“.

„ჩემი გამოსვლის შემდეგ, კიდევ ბევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი ამ ინიციატივას. ვფიქრობ, მათი რიცხვი ნახევარზე მეტიცაა. ყველას ესმის, რომ ეს ტურნირები ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი“.

ცნობისთვის, უეფას სამიტზე საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის სიტყვის შემდეგ, აუდიტორიის წინაშე ანდრეი შევჩენკო წარსდგა და ლეგენდარული უკრაინელის პროტესტის გამო, უეფამ ინიციატივის განხილვა დროებით შეაჩერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები