10 ცვლილება ძირითად შემადგენლობაში | კვარა პალერმოსთან სასტარტოში არ იქნება?
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას იტალიის თასის ეგიდით გამართავს. 26 სექტემბერს, თბილისის დროით, 23:00-ზე, „პარტენოპეი“ საკუთარ კედლებში „პალერმოს“ დაუპირისპირდება და Corriere dello Sport-ის ცნობით, მოსალოდნელია, რომ „კვარა“ ძირითად შემადგენლობაში არ იქნება.
იტალიური გამოცემის მიხედვით, „ნაპოლის“ თავკაცი, ანტონიო კონტე „იუვენტუსთან“ გაყვანილ სასტარტო თერთმეტეულს რადიკალურად შეცვლის. კონტე 10 ცვლილებას განახორციელებს და სავარაუდოდ, ერთადერთი, ვინც ადგილს შეინარჩუნებს, სტანისლავ ლობოტკა იქნება.
„მაცოკი მარჯვენა მცველის პოზიციაზე დაიწყებს. რაფა მარინი და ჟუან ჟეზუში ცენტრალური მცველები იქნებიან, სპინაცოლა მარცხენა ფლანგზე იმოქმედებს. ნახევარდაცვაში გილმორის მეწყვილე ლობოტკა იქნება (ან ფოლორუნშო), ფლანგებზე კი ნერეში და ნგონგე იასპარეზებენ. ჯოვანი სიმეონეს ჯაკომო რასპადორი დაეხმარება და სახეცვლილ ნაპოლის ვიხილავთ“, - წერს იტალიური გამოცემა.
ცნობისთვის, სერია A-ს 5 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს. იტალიის ჩემპიონატში „პარტენოპეის“ მომდევნო შეხვედრა 29 სექტემბერს, „მონცას“ წინააღმდეგ ელის.