სანიოლი ზურიკოს სენტ-ეტიენში? - რას წერს ფრანგული მედია
ფრანგული გამოცემა Daily Mercato ლიგა 1-ის ბოლო ტურში „ნიცას“ წინააღმდეგ „სენტ-ეტიენის“ მიერ განცდილ გამანადგურებელ მარცხს (0:8) ეხმაურება.
გამოცემის ჟურნალისტი პოლ ბურე წერს, რომ ზურიკო დავითაშვილის გუნდს სერიოზული კრიზისი აქვს და მთავარი მწვრთნელის, ოლივიე დალ’ოლიოს მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამჟამად „სენტ-ეტიენი“ სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიციაზეა, 5 მატჩიდან გუნდმა მხოლოდ ერთი მოიგო.
Daily Mercato დალ’ოლიოს 3 პოტენციურ შემცვლელს ასახელებს, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოს ნაკრების თავკაცი ვილი სანიოლია.
რას წერს გამოცემა სანიოლზე:
ვილი სანიოლი, საქართველოს ნაკრების მოქმედი თავკაცი, ამ პოსტისთვის სერიოზული კანდიდატია. 2021 წლის თებერვალში თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მან საქართველოს ნაკრები საკმაოდ კონკურენტულ გუნდად აქცია. ფეხბურთელები მას აქებენ და აღნიშნავენ, რომ სანიოლს ეფექტური კომუნიკაცია და გუნდის ფსიქოლოგიურად მომზადება ეხერხება.
სანიოლის მოსვლის შემდეგ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის პლეიოფში გავიდა, რაც ქვეყნისთვის ისტორიული შედეგია. თუმცა საკითხავია, მზად იქნება თუ არა სანიოლი საქართველოს ნაკრებიდან წამოსასვლელად და „სენტ-ეტიენში“ ახალი გამოწვევის მისაღებად.
რაც შეეხება დანარჩენ ორ კანდიდატს, ესენია პატრიკ ვიეირა, რომელიც აგვისტოში „სტრასბურიდან“ წავიდა, და ჟან-ლუი გასე, რომელიც გასულ სეზონში „მარსელის“ მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იყო და საქმეს თავი კარგად გაართვა.
მომდევნო მატჩს „სენტ-ეტიენი“ 29 სექტემბერს გასვლაზე, „ნანტის“ წინააღმდეგ გამართავს.