გოჩოლეიშვილის მორიგი სასტარტო და ყვითელი - კოპენჰაგენმა დამაჯერებლად მოიგო
დანიის სუპერლიგის მე-9 ტურში, გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენმა“ საკუთარ მოედანზე „ოლბორგს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.
ქართველი ვინგბექი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 84 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში გოჩოლეიშვილი დაცვაში სტაბილური იყო და შეტევაშიც აქტიურობდა, აქტივში კი საბოლოოდ, მხოლოდ ყვითელი ბარათი ჩაიწერა. ქართველმა მცველმა 35-ე წუთზე, მეტოქის წინააღმდეგ იუხეშა და მსაჯისგან გაფრთხილებაც დაიმსახურა. გიორგი გოჩოლეიშვილი მთავარმა მწვრთნელმა 84-ე წუთზე, ფროჰოლდტით შეცვალა.
რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, „კოპენჰაგენმა“ ანგარიში 63-ე წუთზე, მატსონის გოლით გახსნა, 72-ე წუთზე კი ელიუნუსიმ „ოლბორგის“ კარში მეორე გოლი გაიტანა.
გიორგი გოჩოლეიშვილის სტატისტიკა კი ასეთი იყო: ბურთთან 73 შეხება, 51-დან 47 ზუსტი პასი, 1 გარდამტეხი პასი, კარის მიმართულებით ორი არაზუსტი დარტყმა, 5 დრიბლინგის მცდელობიდან 2 ზუსტი დრიბლინგი, 1 ჯარიმა, 9 პოზიციური დუელიდან 3-ჯერ გამარჯვებული გამოვიდა, 3 საჰაერო დუელიდან 2 მოიგო. საერთო შეფასება - 6.8 ქულა.
გიორგი გოჩოლეიშვილმა მიმდინარე სეზონში „კოპენჰაგენის“ შემადგენლობაში 5 შეხვედრა ჩაატარა და ჯერჯერობით, შედეგიანი, ანუ საგოლე მოქმედება არ ჰქონია. შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი ამ დრომდე დონეცკის „შახტარის“ საკუთრებაა და დანიურ კლუბში იჯარის წესით თამაშობს.
9 ტურის შემდეგ, „კოპენჰაგენი“ დანიის სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 17 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ „მიდტიულანდს“ 4 ქულით ჩამორჩება. გოჩოლეიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 სექტემბერს, დანიის თასზე „კოგეს“ წინააღმდეგ გამართავს.