„აქედან გაეთრიეთ“ - ჰოლანდის კონფლიქტი ჟეზუსთან და არტეტასთან
„მანჩესტერ სიტი“ – „არსენალის“ (2:2) შეხვედრა დაძაბული და ემოციებით აღსავსე გამოდგა, თუმცა ყველაფერი სათამაშო დროში არ დასრულებულა და როგორც ახლა ირკვევა, არბიტრის საფინალო სასტვენის შემდეგაც ბევრი გაუგებრობა მოხდა. კერძოდ, ყურადღების ცენტრში ერლინგ ჰოლანდია მოქცეული, რომლისთვისაც „მეთოფეების“ კარში გატანილი გოლი „ქალაქელების“ მაისურით საიუბილეო, მე-100 აღმოჩნდა, მაგრამ ამის გამო გახარებული სულაც არ ყოფილა და გასახდელში შესვლის წინ, კონფლიქტი ჯერ სტუმართა ესპანელ მთავარ მწვრთნელ მიკელ არტეტასთან, შემდეგ კი ბრაზილიელ ფორვარდ გაბრიელ ჟეზუსთან მოუვიდა.
ერთ-ერთმა ინგლისურმა ვებ-გვერდმა ნორვეგიელი ფორვარდის სიტყვები პირის მოძრაობის აპარატით გაშიფრა და აღმოჩნდა, რომ მან არტეტას მიაძახა: “შენ, ახლა მაინც დამშვიდდები?“. თავის მთავარ მწვრთნელს კი სწორედ გაბრიელ ჟეზუსი გამოექომაგა და ჰოლანდს ეთიკური მოქცევისკენ მოუწოდა, რაზეც „მანჩესტერ სიტის“ მეგოლისგან ასეთი პასუხი მიიღო: „აქედან გაეთრიე ბრაზილიელო მასხარა!“. ყოველივე ამის თაობაზე, მედიის წარმომადგენლებმა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტს მიმართეს შეკითხვით, დაისჯება თუ არა ჰოლანდი, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღეს, რადგან არც მთავარი არბიტრის რაპორტში მსგავსი ინციდენტი მოხსენიებული არ არის და საჩივრის სახით მათთვის „არსენალის“ წარმომადგენლებსაც არ მიუმართავთ.
„კანონირები“ ახლოს იყვნენ სტუმრად „სიტისთან“ 10-მატჩიანი მოუგებელი სერია შეეწყვიტათ, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეშვიდე წუთზე ჯონ სტოუნსმა წონასწორობა აღადგინა, რის შემდეგაც ინგლისის ჩემპიონატში მანჩესტერული კლუბის წაუგებელი საშინაო სერია 33 შეხვედრამდე გაიზარდა.