ბარსელონამ დაადასტურა - ტერ შტეგენი 8 თვეს გამოტოვებს
ლა ლიგის მორიგ ტურში ბარსელონამ სტუმრად ვილიარეალი 5:1 დაამარცხა. გამარჯვება, რა თქმა უნდა, სასიამოვნო იყო, თუმცა მატჩის მიმდინარეობისას ტერ შტეგენი დაშავდა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.
ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ, დადგინდა, რომ გერმანელ კარის დარაჯს მარჯვენა მუხლის მყესები აქვს გაწყვეტილი. ამის შესახებ ინფორმაციას, კატალონიური გრანდის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. მარკი დაახლოებით 7-8 თვეს გამოტოვებს.
Sei stark, Kapitän ❤️ pic.twitter.com/U8yyb8W3Ne
— FC Barcelona (@FCBarcelona) September 23, 2024
შეგახსენებთ, რომ ბარსელონას ლაზარეთში საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი დაგროვდა. ამ მომენტისთვის, ჰანსი ფლიკის განკარგულებაში, გავი, არაუხო, დე იონგი, ბერნალი, ფერმინ ლოპესი, დანი ოლმო და ფერან ტორესი არ არიან.
მიუხედავად ამდენი ტრავმირებული ფეხბურთელისა, ბლაუგრანამ ლა ლიგაში 6 მატჩიდან ექვსივე მოიგო და ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.
ასევე გეტყვით, ტერ შტეგენის ტრავმის შემდეგ, პოლონური მედია იუწყება, რომ ბარსას ვოისეხ შჩესნის დამატება სურს, რომელმაც კარიერა რამდენიმე თვის წინ დაასრულა.
ცნობისთვის, ნებისმიერ გუნდს ტრანსფერის გაკეთება ისეთ დროს, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, როცა ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია. შჩესნი კი ამ სიტუაციაში იდეალურ კანდიდატად მოჩანს. ახლა ყველაფერი მის სურვილზე იქნება დამოკიდებული.