ტერ შტეგენმა შესაძლოა 9 თვე გამოტოვოს
მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ტრავმის გამო, შესაძლოა 9 თვე ვერ ითამაშოს. ამის შესახებ AS-ი იტყობინება.
„ბარსელონას“ მეკარემ დაზიანება კვირას, „ვილიარეალთან“ მატჩის დროს მიიღო. 32 წლის გერმანელი მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს დაეჯახა და მუხლის ტრავმა მიიღო.
ფეხბურთელი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი.
როგორც AS-ი წერს, ახლა „ბარსელონას“ მოუწევს გადაწყვიტოს, გადასცეს თუ არა ტერ შტეგენის ხელთათმანი ინიაკი პენიას თუ ახალი მეკარის ძებნა დაიწყოს.
თუ ექიმები დაადასტურებენ, რომ გერმანელი 4 თვეზე მეტ ხანს ვერ ითამაშებს, ლა ლიგის წესები „ბარსას“ უფლებას აძლევს მისი შემცვლელი ეძებოს.
მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, „ბლაუგრანას“ უფლება აქვს ასეთი გადაუდებელი კონტრაქტი გააფორმოს, თუმცა მხოლოდ 2 პირობით: მეკარე თავისუფალი აგენტი უნდა იყოს და წინა კლუბთან კონტრაქტი დედლაინის წინა დღეს უნდა ჰქონდეს გაწყვეტილი.