„ტასმანიური ეშმაკია“ | UFC-ის ყოფილი ჩემპიონი დვალიშვილს აქებს
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, თი ჯეი დილაშოუ მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის სატიტულო ჩხუბს გამოეხმაურა. დილაშოუმ „მანქანა“ შეაქო და განაცხადა, რომ მან „შუგა“ ძალიან სუსტ მებრძოლად წარმოაჩინა.
„ვერ ვიტყოდი, რომ ამ შედეგს არ ველოდებოდი. მერაბსა და ომალის მოგებაზე თითქმის თანაბარი კოეფიციენტი ჰქონდათ, მაგრამ მჯეროდა, რომ დვალიშვილს შეეძლო, მეტოქეზე უდიდესი პრესინგი განეხორციელებინა. ეს ბიჭი ტასმანიური ეშმაკია. ის არასდროს ჩერდება და ყოველთვის თეიქდაუნების შესრულებას ცდილობს.
ვიცოდი, მერაბი რასაც აპირებდა, მაგრამ მეგონა, ომალი დისტანციას შეინარჩუნებდა და კუთხეებს იპოვიდა, რათა კომბინაციები განეხორციელებინა. ვფიქრობდი, რომ შონის პარტერში გადაყვანა ძნელი იქნებოდა და მერაბს რთული ჩხუბი ელოდებოდა, მაგრამ დვალიშვილმა შუგა ძალიან, ძალიან სუსტ მებრძოლად წარმოაჩინა. ომალის აქვს უნარები, რომლებითაც მერაბის დამარცხება შეუძლია, მაგრამ ისინი უბრალოდ არ გამოუყენებია“.
ცნობისთვის, დვალიშვილმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა და მეორე ქართველია, ვინც UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა. „მანქანა“ UFC-ის Pound-for-pound რეიტინგშიც შევიდა და მე-7 ადგილზე იმყოფება.