„3500 მომენტი ვერ გამოვიყენეთ“ | რა თქვა მიქაუტაძის თავკაცმა მარსელთან მატჩზე
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-5 ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ საკუთარ კედლებში „მარსელს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი ქულის აღებასთან ახლოს იყო, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე მიღებული ბურთით, 2:3 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ, „ლიონის“ თავკაცმა, პიერ საჟიმ საკუთარ გუნდზე ისაუბრა და „მარსელთან“ გამართული დაპირისპირება შეაფასა.
„სამარცხვინოა. მარსელი მე-5 წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა და 3 500 მომენტი გვქონდა, მაგრამ მაინც მდევრის როლში აღმოვჩნდით. თუ გინდა რომ კარგი გუნდი იყო, უნდა ისწავლო, როგორ გამოთიშო მეტოქე თამაშს, როცა უპირატესობა გაქვს და წინ ხარ. 1, 2, 3, 4, 5 გოლის გატანა შეგვეძლო. მარსელს არაფერი გამოსდიოდა, მაგრამ მაინც სამი ქულით წავიდა, ჩვენ კი ნული ქულა გვაქვს.
ეს წაგება გუნდის მორალისთვის დიდი დარტყმაა. მოსაგებად ვითამაშეთ და მომენტები ვერ გამოვიყენეთ. მარსელს სამი ქულა ვაჩუქეთ. სრული სიგიჟე იყო. პირველ ნახევარში, შანსები რომ გამოგვეყენებინა, ფსიქოლოგიურ უპირატესობას მოვიპოვებდით და მარსელი მოედანზე აღარ იარსებებდა. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა, რადგან მომენტები გავანიავეთ“.
ცნობისთვის, ქართველი შემტევი მასპინძელთა სასტარტოში არ ყოფილა და მოედანზე 67-ე წუთიდან, ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად გამოჩნდა.