„ვალენსიას მსოფლიოში საუკეთესო მეკარე ჰყავს“ | ესპანური გამოცემის სტატია მამარდაზე
ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „ჟირონას“ დაუპირისპირდა და 2:0 იმარჯვა. ქართველი მეკარე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ვალენსიურმა გამოცემამ, DeporteValenciano-მ მას საინტერესო სტატია მიუძღვნა.
„ვალენსიას მსოფლიოში საუკეთესო მეკარე ჰყავს და ის დაგვტოვებს“, - ასეთია DeporteValenciano-ს სტატიის სათაური და აი, რას წერს ცნობილი ესპანური გამოცემა:
„ვალენსიასთვის მსოფლიოს საუკეთესო მეკარის დაკარგვა რთული იქნება. მამარდაშვილი მიმდინარე სეზონში უკეთ გამოიყურება, ვიდრე გასულ სეზონებში და როცა გათამაშება დასრულდება, მისი ლივერპულში გადასვლის გამო, ტკივილს აუცილებლად ვიგრძნობთ. ყველამ ვიცით, ივნისში რა მოხდება. შეგვეძლება, მისი კიდევ ერთი წლით იჯარით დატოვება? დღევანდელი მდგომარეობით, გიორგი მიდის და ინგლისიდან უკან დასაბრუნებელი ბილეთი არ აქვს.
ქულების მომტან მეკარეებზე ლაპარაკი სხვა განზომილებაში გადადის, როცა საქმე მამარდაშვილს ეხება. ის ურთულეს ბურთებს იგერიებს და გადამწყვეტ მომენტებში თავს იჩენს. ჟირონასთან მატჩში, ჯერ 0:0-ზე, შემდეგ კი 2:0-ზე, გუნდი ორ აშკარა გოლს გადაარჩინა და მოიგერია დარტყმები, რომელთა გაშვების შემთხვევაშიც, მატჩის ბედი შეიცვლებოდა. ეს მამარდასთვის ნაცნობი სიტუაციაა, თუმცა ის ფაქტი, რომ ვალენსია ყოველთვის ვერ იგებს, საერთოდ სხვა ამბავია.
„როგორ მოიგერიე დარტყმა, რომლის აღებაც შეუძლებელი ჩანდა“, - ჰკითხეს მას შეხვედრის შემდეგ და მამარდამ განაცხადა, რომ ეს მისი მოვალეობაა. ასეთი პასუხი გასცა, რადგან მაგარი მეკარის სტატუსის გარდა, უზარმაზარი ქარიზმა აქვს და ამას აჩვენებს კიდეც. მოდით, აწმყოზე ვიფიქროთ და არა მომავალზე, რადგან გიორგის წასვლა დიდ ტკივილს მოგვაყენებს“, - წერს ესპანური გამოცემა.
აღსანიშნავია, რომ „ჟირონასთან“ მოგებული თამაშის შემდეგ, „მამარდა“ ავტორიტეტულმა AS-მაც შეაქო და განაცხადა, რომ რამდენიმე ეპიზოდში, ქართველი მეკარე „ვალენსიას“ საკვანძო ფეხბურთელი იყო. გეტყვით იმასაც, რომ „ღამურებმა“ მიმდინარე სეზონში პირველად იმარჯვეს და რუბენ ბარახას ბიჭებს 4 ქულა აქვთ.