6-მატჩიანი პაუზის შემდეგ - მილანმა ინტერს მოუგო
რიგით 240-ე „დერბი დე ლა მადონინა“ „მილანის“ გამარჯვებით დასრულდა. პაულო ფონსეკამ, რომელსაც ახალ გუნდში წარუმატებელი სტარტის შემდეგ ბევრი თანამდებობის დატოვებასაც უწინასწარმეტყველებდა, „ინტერის“ 2:1 ძლევით პოზიციები გაიმყარა. სამ ქულასთან ერთად ამ გამარჯვებით შავ-წითლებმა დერბიში 6-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს - ბოლოს მათ თანაქალაქელი შავ-ლურჯები 2022 წლის 3 სექტემბერს ჰყავდათ დამარცხებული, როდესაც რაფაელ ლეაოს დუბლითა და ოლივიე ჟირუს ბურთით 3:2 აჯობეს.
ისევე როგორც შუა კვირაში „ლივერპულთან“ გამართული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრა, „მადონინაც“ „მილანმა“ სწრაფი გოლით დაიწყო - კრისტიან პულიშიჩმა მეტოქის საჯარიმოში რამდენიმე მცველის გარემოცვაში იოლად შეისეირნა და უზუსტეს დარტყმით ანგარიში გახსნა. „ინტერმა“ წონასწორობა პირველივე ტაიმში აღადგინა და გოლი საკმაოდ ეფექტური გამოვიდა, რომელიც ლაუტარო მარტინესსა და ფედერიკო დი მარკოს მიერ გათამაშებულ კომბინაციას მოჰყვა და ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმით დასრულდა.
მეორე ტაიმში არბიტრმა „ინტერის“ კარში თითქოს პენალტის დანიშვნა გადაწყვიტა, თუმცა ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მარტინესს ბურთი ხელში არ მოხვედრია და როსონერის 11-მეტრიანის შესრულების საშუალება არ მიეცა. თუმცა, ფონსეკას შეგირდებმა მაინც გაიმარჯვეს და კომპენსირებულ დროში მატეო გაბიამ თავური დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა და დაცვაში ბრწყინვალე თამაშის გარდა, თავის გუნდს შეტევაშიც დაეხმარა.
ხუთი ტურის შემდეგ „ინტერი“ 8 ქულით მეექვსე პოზიციაზეა, ხოლო „მილანი“ 5 ქულით მეცამეტე ადგილს იკავებს. მომდევნო ტურში ნერიაძური სტუმრად „უდინეზეს“ დაუპირისპირდება, როსონერი კი „ლეჩეს“ უმასპინძლებს.