გიორგი მიქაუტაძე, პიერ საჟი
Aa
Aa

ლიონი 10-კაციან მარსელთან ბოლო წუთზე დამარცხდა | მიქაუტაძემ 67-ე წუთიდან ითამაშა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-6 ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ საკუთარ მოედანზე „მარსელს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.

ქართველი შემტევი მასპინძელთა სასტარტოში არ ყოფილა და მოედანზე 67-ე წუთიდან, ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად გამოჩნდა.

მე-5 წუთზე მთავარმა მსაჯმა მოედნიდან სტუმართა კაპიტანი, ლეონარდო ბალერდი გააძევა. საგულისხმოა, რომ არგენტინელმა პირველ წუთზე მსაჯისგან გაფრთხილება დაიმსახურა, მე-5 წუთზე კი მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. იმის მიუხედავად, რომ „ლიონი“ ფაქტობრივად მთელი თამაშის განმავლობაში რიცხობრივი უპირატესობით თამაშობდა, პიერ საჟის გუნდმა გამარჯვება მაინც ვერ შეძლო.

პირველი ტაიმის მიწურულს, ანგარიშის გახსნა ალექსანდრ ლაკაზეტის შეეძლო, თუმცა, „ლიონის“ კაპიტანმა პენალტი ვერ გამოიყენა.

ამის მიუხედავად, მასპინძლებმა მეორე ტაიმის დებიუტში მაინც შეძლეს დაწინაურება, გოლი კი ლაკეტა-ჩარიმ გაიტანა და თითქოს, ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე მიდიოდა. თუმცა,  69-ე წუთზე ლიროლამ წონასწორობა აღადგინა, 82-ე წუთზე კი გარსიამ „მარსელი“ წინ გაიყვანა.

გარსიას გოლის შემდეგ, 3-წუთიან მონაკვეთში გიორგი მიქაუტაძეს ორი რეალური მომენტი შეექმნა, მაგრამ ქართველმა შემტევმა ჯერ თავით ვერ შეძლო გოლის გატანა, შემდეგ კი აკრობატული დარტყმით მცირე მანძილით გადააცილა ხარიხას ბურთი.

„ლიონმა“ მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლო, გოლი რაიან ჩერქის ანგარიშზეა, თუმცა, გოლიდან საპასუხო შეტევაში გარსიამ მასპინძელთა კარში დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

ლიონი 2:3 მარსელი

5 ტურის შემდეგ, „ლიონს“ ლიგა 1-ში 1 მოგება, 1 ფრე და 3 მარცხი აქვს, სატურნირო ცხრილში კი 4 ქულით მე-14 პოზიციაზე იმყოფება. რაც შეეხება „მარსელს“, რობერტო დე ძერბის გუნდმა ამ გამარჯვებით 13 ქულა დააგროვა და ლიდერ „მონაკოსა“და პსჟ-ს გაუთანაბრდა.

„ლიონი“ შემდეგი კვირიდან ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩაერთვება და 26 სექტემბერს, გათამაშების პირველ ტურში საკუთარ მოედანზე „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდება, ლიგა 1-ში მომდევნო შეხვედრას კი 29 სექტემბერს, სტუმრად „ტულუზასთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები